29 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
რიგგარეშე არჩევნები გამოიწვევს კიდევ ერთ რიგგარეშე არჩევნებს - ლევან ბოძაშვილი

კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, ქვეყანაში საპარლამენტო კრიზისი დაიწყება, რადგან ვერც ერთი პარტია მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. 

მისი შეფასებით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და იქიდან ეცადოს არსებული რეალობის შეცვლა. 

"ქუჩა არ არის იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გატარების საშუალება და მექანიზმი, როგორიც არის პარლამენტი. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიები უნდა შევიდნენ პარლამენტში და იქ მოახდინონ პოზიციონირება საერთო პლატფორმით, რომ დააბალანსონ ინსტიტუციურად უმრავლესობა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც ჩემს გაკვირვებას იწვევს, გახლავთ ის, რომ ძალიან ბევრი პარტია ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ამბობს ასეთ რამეს: თუ სხვები არ შევლენ, არც მე არ შევალ. რას ნიშნავს ეს - თუ გაყალბდა, რა მნიშვნელობა აქვს სხვები რას იზამენ, მაშინ არ უნდა შეხვიდე, თუ არ გაყალბდა, მით უმეტეს რა მნიშვნელობა აქვს. ანუ, შენი პოლიტიკური პოზიციონირება რატომ უნდა იყოს სხვების პოზიციაზე დამოკიდებული, თუ გულწრფელად მიგაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ, თეორიულად დავუშვათ და მიაღწევენ რიგგარეშე არჩევნებს, უახლოესი 60 დღის განმავლობაში რომ ჩატარდეს, 99%-იანი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს გამოიწვევს კიდევ ერთ რიგგარეშე არჩევნებს. იმიტომ, რომ ის დანაკლისი, რომელიც მათ მიაჩნიათ, რომ განიცადეს ამ არჩევნებზე, გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება საშუალება პარლამენტში დააკომპლექტოს მთავრობა და ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს საფუძველს ახალი რიგგარეშე არჩევნებისთვის. გამოდის, რომ მომდევნო 4-5 თვის განმავლობაში ქვეყანა იქნება სულ საარჩევნო პერიოდში, თან, ამ კრიზისის პირობებში. მაგრამ განსხვავებაა, როცა რიგგარეშე არჩევნებამდე საქმე შეიძლება მივიდეს მარტში, აპრილში, მაისში, როდესაც უკვე ქვეყანას უკვე ექნება გადალახული. ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ პოზიციონირებას ოპოზიცია მოახდენს არა მხოლოდ ქუჩიდან, არამედ ის შევა პარლამენტში და მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაანახებს ამომრჩეველს, თუ მართალი როგორ იყო, და ის საკითხები, რა დაპირებებითაც ის წარდგა ამომრჩევლის წინაშე, იმის გატარებას ცდილობს და თუ რა წინააღმდეგობას წააწყდება უმრავლესობიდან,"-განაცხადა ლევან ბოძაშვილმა. 

დღის ამბები