29 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
ოპოზიციის ლიდერები ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს ხვდებიან 

ეუთო/ოდირის დამკვირვებლები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდებიან. სავარაუდოდ ამ შეხვედრის შემდეგ დაზუსტდება ოპოზიციის გეგმები. 

როგორც "კურიერისთვის" ცნობილია შეხვედრა იმართება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, არჩევნები გაყალბდა და ამაზე არსებობს კონსენსუსი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, არჩევნებზე დარღვევების კონკრეტულ მაგალითებს წარმოადგენენ.

"მე აქ მაქვს მოტანილი ძალიან ბევრი მაგალითი, რომელზეც მექნება საუბარი. აქ არის მაგალითები კონკრეტულად როგორ ხდებოდა დათვლის დროს გაყალბება. აქ არის მაგალითები, როგორ არის უფრო მეტი ბიულეტენი ჩაყრილი ურნაში, ვიდრე იყო საერთო ჯამში ხელმოწერების რაოდენობა. არის მასშტაბური, მე მაგას ვეძახი ბიძინას კარუსელს. ეს არის, როდესაც ადამიანი შედის უბანზე, გამოაქვს იქიდან ცარიელი ბიულეტენი, აგდებს ცარიელ კონვერტს, ამ ბიულეტენს შემდეგ აძლევენ შემდეგ ადამიანს შემოხაზულს, სანაცვლოდ ფულს. ეს ადამიანი შედის და ასევე გამოაქვს ბიულეტენი," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ. 

ნინო ბურჯანაძის თქმით კი, ეუთო/ოდირის დასკვნა საბოლოო არ არის.

"საბოლოო დასკვნა იქნება მას შემდეგ, რაც ყველა დოკუმენტს მივაწვდით მათ. იმედი მაქვს, რომ ეუთო/ოდირი გაითვალისწინებს იმ რეალობას, რომელიც არის," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის მიზანია, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს დაანახონ, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობს "სტრატეგია აღმასრულებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც. ვაშაძის თქმით, ისინი არ აპირებენ შეეგუონ იმ პროცესებს, რაც ახლა მიმდინარეობს. 

დღის ამბები