18 მარტი 2025,   20:28
ვრცლად
"ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რას და რისთვის აკეთებს" - გიორგი ვოლსკი

5 დაყადაღებული ფონდი და ბოლო 4 თვეში დახარჯული 2 მილიონ ლარზე მეტი, - პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება პოლიტიკური შეფასებების თემაა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ფონდების დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა იყოს.

"მე ვფიქრობ, ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რას და რისთვის აკეთებს, მაგრამ შეიძლება კეთილი საქმის კეთების პარალელურად, აკეთებდეს ისეთ საქმეს, როგორიცაა, ვთქვათ, წახალისება დესტრუქციული მოქმედებების, დესტაბილიზაციის პროცესების. ეს არ არის გამონაკლისი და არც რაიმე გასაკვირი არ იქნება იმაში, რომ სწორედ ასეთი საკითხები იქნეს გამოაშკარავებული. რასაკვირველია, ფონდებს სჭირდება შესაბამისი დაფინანსება. რეალურად, ამ დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებითაც უნდა იყოს ინფორმაცია საკმაოდ ღია საზოგადოებისათვის. როდესაც ამ საკითხებთან მიმართებაში ფონდი პირდაპირ არის ჩართული რაღაც გარკვეული პოლიტიკური პროცესების განვითარების საქმეში, მით უმეტეს, თუ ეს საქმე არის იმ სცენარის ნაწილი, რასაც რევოლუცია ჰქვია, რასაკვირველია, იგი დამატებით ყურადღებას იმსახურებს," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის, გამოძიების ფარგლებში დეტალურად შეისწავლეს იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციები. გამოძიების ინფორმაციით, ტრანზაქციების დროს დანიშნულებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ფონდები ახალისებდნენ კანონდარღვევებს, ყიდულობდნენ სხვადასხვა აღჭურვილობას საპროტესტო აქციებისთვის და დემონსტრანტებისთვის.

 

დღის ამბები