18 მარტი 2025,   21:42
ვრცლად
"ღია წყაროებში მოიძებნება არა ერთი მტკიცებულება, რომ ეს ფონდები ხელს უწყობდნენ, აფინანსებდნენ, აორგანიზებდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებს" - ვატო შაქარიშვილი

5 დაყადაღებული ფონდი და ბოლო 4 თვეში დახარჯული 2 მილიონ ლარზე მეტი, - პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება შეფასებების თემაა. საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებლის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, იქმნება პრეცედენტი, რომ ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა და ამისთვის ფინანსების მობილიზება იქნება დასჯადი.

"ქვეყანაში იქმნება პრეცედენტი, რომ ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა და ამისთვის ფინანსების მობილიზება, ამაში უცხოური ფულის აღება და მთელი ამ ფინანსების ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გამოყენება, იქნება დასჯადი. საჯაროდ, ღია წყაროებში მოიძებნება არა ერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფონდები ხელს უწყობდნენ, აფინანსებდნენ, აორგანიზებდნენ და ახალისებდნენ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებს. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ ადამიანებს, წასულიყვნენ კანონგარეშე ქმედებებზე და შემდეგ ისინი ჰპირდებოდნენ მათ ე.წ. დაზღვევას, ისინი იხდიდნენ მათ ჯარიმებს, ჰპირდებოდნენ სხვა სახის ფინანსურ კომპენსაციებსაც. ჩვენი გმირი პოლიციელები, ცოცხლად რომ წვავდნენ და პიროტექნიკას უმიზნებდნენ სახისა და ტანის არეში და იცით, რომ მძიმე დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა, რამდენიმე მათგანს ამპუტაციაც კი დასჭირდა. სწორედ ამ პიროტექნიკის შეძენისთვის იხარჯებოდა და სხვა მატერიალურ ტექნიკური საშუალებების შეძენას ხმარდებოდა, რომელიც საჭირო იყო აგრესიული, ძალადობრივი აქციების ორგანიზებისა და წარმართვისათვის," - აცხადებს ვატო შაქარიშვილი. 

ცნობისთვის, გამოძიების ფარგლებში დეტალურად შეისწავლეს იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციები. გამოძიების ინფორმაციით, ტრანზაქციების დროს დანიშნულებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ფონდები ახალისებდნენ კანონდარღვევებს, ყიდულობდნენ სხვადასხვა აღჭურვილობას საპროტესტო აქციებისთვის და დემონსტრანტებისთვის.

დღის ამბები