
ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს ბრალს დღეს წაუყენებენ. ამ წუთებში მას დროებითი დაკავების იზოლატორში ადვოკატი ხვდება. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
"კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ ჯანგველაძის სავარაუდო მკველლი იმ დროს დააკავა, როდესაც ის ქუჩაში გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო 50 წლის მამაკაცს განზრახ მკველობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
გამოძიების ინფრომაციით, მან 15 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და ადგილზევე მოკლა. მსუბუქად დაიჭრა კიდევ ერთი პირი.
"გუშინ შევხვდი, სანამ დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლებდნენ, კომუნიკაცია გვქონდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ფარგლებში, რაშიც მონაწილეობა მიიღო, არაფერზე უარი არ განუცხადებია, ჩვენებაც მისცა და ამ დროისთვის იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. საქმის მასალები არ გადმომცემია, შესაბამისად საქმის დეტალებში ვერ შევალ", - აცხადებს ადვოკატი მარიამ ტაბატაძე.