"ეს არის ღირსეული ნაბიჯი - ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, თავისუფლებისმოყვარე ხალხი ვართ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს," - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე განცხადებით, საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რომ არის ღირსეული და სუვერენული სახელმწიფო.
"ეს არის ღირსეული ნაბიჯი - ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, თავისუფლებისმოყვარე ხალხი ვართ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ყოველთვის გვაშანტაჟოს და გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე.
ჩვენ ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში - ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, სხვადასხვა მიზეზებით ჩვენი სამშობლო აშანტაჟოს და შეურაცხყოფა მიაყენოს," - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. დელეგაციის წევრების განმარტებით, მათთვის მიუღებელი და უსამართლოა დათქმები უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო, თბილისს ახალი არჩევნებისკენ მოუწოდებს და აპრილამდე კონკრეტულ პირობებს უყენებს. "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ევროსაბჭომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება ჯერ ცნო, რითაც არჩევნები აღიარა, შემდეგ კი ისევ ახალი არჩევნების მოთხოვნით, ულტიმატუმი წამოაყენა.