პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ვიზიტის გადადებას ეხმაურება.
არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ტყუილებს წერენ, რომ როგორმე გადაიფიქრონ ვიზიტი თუ თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ლეგიტიმურად არჩეულ "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან.
"რადგანაც არ უნდათ თავიანთი ტყუილებისა და ცრუ ნარატივების გამოაშკარავება, რადგანაც სხვა შემთხვევაში, უბრალოდ აღარ ექნებათ არავითარი ხელჩასაჭიდი, რომ როგორმე მუხტი აიწიოს თბილისის ქუჩებში, ყველანაირად ებრძვიან სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს. ათას ბულინგს აწყობენ ხოლმე, მათ შორის, სხვადასხვა სოციალურ ქსელში, წერენ ათას ტყუილს, რომ როგორმე ამ ადამიანებმა გადაიფიქრონ ვიზიტი თუ თანამშრომლობა ლეგიტიმურად არჩეულ "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
პია კაუმა 8 იანვარს საქართველოში აღარ ჩამოვა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიტიკური დისკუსია და მოწოდებები. ოპოზიციურმა პარტიებმა წერილით მიმართეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.