შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში საქართველოდან, სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე გააძევა. ამ პროცედურის ფარგლებში, ქვეყანა, ნაწილმა საკუთარი ნებით, დანარჩენებმა კი იძულების წესით დატოვეს.
შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ქვეყნიდან - ირანის, ალჟირის, ინდოეთის, მაროკოს, შრი-ლანკის, ეგვიპტის, პაკისტანის, ნიგერიის, ერაყის, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქმენეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები გააძევეს.
მათ შორის არიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლომ მათ ადმინისტრაციული სახდელები შეუფარდა. ასეთი ჯამში 25 პირია. მათგან, 10-მა საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვა.
მიგრაციის დეპარტამენტმა, 2024 წლის მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 430 მოქალაქე გააძევა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 126%-ით აღემატება.