"ჩვენ არ დავუშვებთ არეულობას, ომს და ქვეყნის ინტერესების გაყიდვას, არც შიდა ძალების მცდელობით და არც გარე ძალების კარნახით. ეს არასდროს მოხდება" - ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.
კახა კალაძეს დღეს თბილისის საკრებულოში მოუსმინეს. მან 2024 წელი შეაჯამა, ისაუბრა ზეწოლაზე, გარე და შიდა ძალების პროვოკაციებზე, ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობებზე. მისი თქმით, ის რაც ქვეყანაში ხდებოდა სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა იყო, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.
"ჩვენს ქვეყანაზე და ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა გვემოქმედა არა ჩვენი ქვეყნის, მისი მშვიდობიანი მომავლის ინტერესებით, არამედ სხვა დიდი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით, რაც აშკარა რისკებს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოავლინა მაღალი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური სიმწიფე და მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ პრინციპულები ვართ და ვიქნებით ყოველთვის, როცა საქმე საკუთარი ქვეყნის და სახელმწიფოს დაცვას ეხება.
ჩვენ არ დავუშვებთ არეულობას, ომს და ქვეყნის ინტერესების გაყიდვას, არც შიდა ძალების მცდელობით და არც გარე ძალების კარნახით. ეს არასდროს მოხდება.
მოსახლეობის გასაგონად კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განვმარტავ, "ქართულ ოცნებას" არავითარი ევროპული გზიდან არ გადაუხვევია. "ქართული ოცნება" არის ზუსტად ის ძალა, რომელმაც ქვეყანა ყველაზე მეტად დააახლოვა ევროპასთან.
სამწუხაროდ, დღეს, საქართველო ისევ დასაჯეს, ახალი მოიფიქრეს - მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნა. რა თქმა უნდა, მათ დღეს შეუძლიათ თავისუფლად გახსნან მოლაპარაკებები, საქართველოს ხელისუფლება კი მზადაა, ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს, თუმცა ამ თემით მუდმივი შანტაჟი, მანიპულაციები კატეგორიულად მიუღებელია.
მაშინ რამ გამოიწვია აქციების ტალღა? - რასაკვირველია, ეს არის ისევ და ისევ იმ გეგმის ნაწილი, რომელიც წინასწარ გათვლილი და დაკვეთილი იყო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის.
რას ვხედავთ ამ დროს რუსთაველის გამზირზე? - კარგად ორგანიზებული რადიკალური ჯგუფები, ექსტრემისტული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, რომელთა ლიდერად გარე ძალებმა დანიშნეს სალომე ზურაბიშვილი, ზიზღით, აგრესიით, ბულინგით ესხმიან თავს ყველას, ვისაც უნდა მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და მისი ევროპული მომავალი. ნახეთ, რა ხდება სოციალურ ქსელებში, რა მასშტაბის ფინანსური რესურსია ჩადებული იმაში, რომ სოკოებივით მომრავლებულმა ათასგვარმა გაურკვეველმა ჯგუფებმა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება.
ეს არის ლიბერალური ფაშიზმი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ფაშიზმი დავასრულოთ." - აცხადებს კახა კალაძე.
ავტორი: ნანა გოგატაძე