ჩვენ ვიცით კანვასის ტრენინგებისა და მაკკეინის ინსტიტუტის გეგმების შესახებ, ყველა ეს გეგმა მიმართულია იქით, რომ საქართველოში იყოს ქაოსი, რაც არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველო, ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება კარგად უმკლავდება ამ გამოწვევებს და ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ ღირსეულად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს.
მაკკეინის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას მამუკა მდინარაძე ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ფრაზას კომენტირებაც კი არ სჭირდება, ვინაიდან განცხადების ლოგიკა ადამიანურობის ჩარჩოში არ ჯდება.
"მე მგონია, რომ ამ ფრაზას კომენტირებაც კი არ სჭირდება, როცა სხვადასხვა მხრიდან მოდის ინფორმაციები და ლოგიკა, რომელი ლოგიკაც ადამიანურობის ჩარჩოში არ ჯდება და ის ინფორმაციები, რომელიც მათ შორის ფარული თუ ღია ჩანაწერების სახით გავრცელდა, იმასვე ადასტურებს, რასთანაც ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე - მათ უნდათ, უნდოდათ და, სამწუხაროა, რომ გვიწევს ამის თქმა, ენდომებათ მსხვერპლი თავისი ძალიან ცუდი აგენტურული მიზნების შესასრულებლად.
ჩვენ ვიცით კანვასის ტრენინგების შესახებ, მაკკეინის ინსტიტუტის გეგმების შესახებ, ყველა შემთხვევაში, ყველა ეს გეგმა მიმართულია იქით, რომ საქართველოში იყოს ქაოსი, რაც არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველო, ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება კარგად უმკლავდება ამ გამოწვევებს და ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ ღირსეულად და ამავე დროულად, რაც არ უნდა რთული უნდა იყოს, ამის პარალელურად, გავაგრძელოთ ეკონომიკური განვითარება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს და ღირსეული სვლა ევროკავშირისკენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის მისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: "საოცრებაა, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების ხელით ხალხი დაიხოცება, პოლიტიკური გარემო შეიძლება კიდევ უფრო არასტაბილური გახდეს". ორგანიზაცია გამოთქვამს შეშფოთებას აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის მასშტაბის გამო.