ოპოზიციური პარტიები ერთობლივად განაგრძობენ მუშობას იმისათვის, რომ დაუწესდეს სანქციები მათ, ვინც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევენ. ამის შესახებ განცხადება ერთობლივ საინფორმაციო ცენტრში გაკეთდა.
როგორც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, პროცესებმა ქვეყნის იზოლაციის საფრთხეები გაზარდა და ამას დასავლელი პარტნიორების ან მათი წარმომადგენლობების განცხადებებიც ადასტურებს.
"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირს ინფორმაციას აქტიურად მიაწვდიან.
"პირველი წერილი, რომელიც გამზადდა და გაიგზავნა ევროკავშირში, ეს იყო არჩევნების გაყალბების შესახებ, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები და დეტალურად იყო ახსნილი. დღესაც, ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად, ვინაიდან ევროკავშირის საბჭო მოდის და ჩვენ გვინდა რომ ამ ძალადობის შესახებ, იმ არასამართლიანი გადაწყვეტილებების შესახებ, რასაც ქართული ოცნება ბოლო პერიოდში მიმართავს, მათ ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია და დაჩქარდეს სანქციები ევროკავშირის მხრიდან" - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ინდივიდუალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.
"გუშინ ყველამ ვიხილეთ ჩვენი დასავლელი მეგობრების განცხადებები, რომელმაც გააჩერა ბოლომდე ყველა პროგრამა, რომელიც იყო მათ შორის, თავდაცვის სფეროში საქართველოსთან, თქვენ ნახეთ ევროკავშირის ელჩის პოზიცია, მისი მწვავე შეფასებები და სანქციები, რომელიც იქნება დამიზნებული პირდაპირი ავტორიტარულ რეჟიმზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ სანქციების საგანი იყოს ის მძიმე დარღვევები ფუნდამენტური უფლებების კუთხით, რომელსაც ოლიგარქიული რეჟიმი ახორციელებს," - აცხადებს თეონა აქუბარდია.