02 დეკემბერი 2024,   18:34
ვრცლად
ეს მექანიზმი გამოიყენება ქვეყნის შანტაჟისთვის და გვინდა, რომ სტაბილურ გარემოში გავაგრძელოთ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება - გივი მიქანაძე

უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება ემსახურება იმ მიზანს, რომ ეს საკითხი საქართველოს შანტაჟისთვის აღარ იყოს გამოყენებული.

მისი განმარტებით, 2028 წლამდე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტი ექნება შესრულებული და მზად იქნება მოლაპარაკებების გახსნისთვის.

"ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის ძალიან მარტივი. ეს მექანიზმი გამოიყენება ქვეყნის შანტაჟისთვის და ქვეყანაში, საზოგადოებაში გარკვეული აღქმების შესაქმნელად, რაც საზოგადოების გახლეჩას იწვევს. სამწუხაროა, მაგრამ ეს არის რეალობა. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ სტაბილურ გარემოში გავაგრძელოთ იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც ნაკისრი გვაქვს ასოცირების შეთანხმებით. მინდა საზოგადოებას უფრო დეტალურად განუმარტო, რომ მთავარი დოკუმენტი ჩვენსა და ევროკავშირს შორის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, ეს არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება. ყოველწლიურად ეწყობა მაღალი რანგის კომისია, სადაც განიხილება ამ ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ჩვენ ვაცხადებთ, რომ 2028 წლის ბოლოსთვის, საქართველოს 90%-ზე მეტი ამ ვალდებულებებიდან შესრულებული ექნება და შემდგომ გაიხსნას მოლაპარაკებების პროცესი. თუ ადრე დაიხსნება მოლაპარაკებები, ჩვენ იმავე დღეს მზად ვართ, რომ ხელი მოვაწეროთ ამ დოკუმენტს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები