02 დეკემბერი 2024,   14:46
ვრცლად
რა ჩაიწერება ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში - მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებულია

რატომ არ ელოდება ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას - ამ კითხვის ავტორი "ქართული ოცნებაა." პრემიერ-მინისტრმა დღეს თქვა, რომ მათმა ოპონენტებმა და პარტნიორების ნაწილმა, ეუთოს დასკვნის სანდოობასთან დაკავშირებით მიდგომები შეცვალეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები რომ კონკურენტული და დემოკრატიული იყო, ამას სადამკვირვებლო კომისიის წინასწარი განწყობებიც ადასტურებს.

ვიდრე სადამკვირვებლო ორგანიზაცია, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებს, უკვე გავრცელდა ეუთო/ოდირის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სარედაქციო წერილი. "ევრონიუსზე" გამოქვეყნებულ ვრცელ მოსაზრებაში პია კაუმა წერს, რომ მან უკვე განუცხადა, საქართველოს ახლად არჩეულ ხელისუფლებას მზაობა, ახალ პარლამენტში ერთად განიხილოს ის რეკომენდაციები, რომლებიც "ოდირის" საბოლოო ანგარიშში იქნება ასახული.

ამ განცხადებამდე არჩევნების მეორე დღეს, გამართულ ბრიფინგზე, ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა თქვა, რომ კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მისივე შეფასებით, საარჩევნოდ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება შეუფერხებლად და პროფესიონალურად მოხდა.

ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის მოლოდინშია ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ სადამკვირვებლო მისია არჩენების ლეგიტიმაციას არ აღირებს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციის ინტერესის სფერო ეუთო/ოდირის დასკვნა აღარ არის და ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ არჩევნების შეფასებების დროს, ყველა საერთაშორისო პოლიტიკური მოთამაშე, ეუთო/ოდირის დასკვნებს ეყრდნობა.

საპარლამენტო არჩევნების დღეს, ხმის მიცემის პროცესს ეუთო/ოდირის 500-ზე მეტი თანამშრომელი აკვირდებოდა. ორგანიზაცია საბოლო დასკვნას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

დღის ამბები