რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, პარლამენტის შენობის წინა მხარეს, რკინის ჯებირებთან ახლოს, ვითარება დაიძაბა. სპეცდანიშნულების რაზმი ჯებირების მიღმაა განლაგებული, ხოლო აქციის მონაწილეები მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის ნივთებს. აქციის მონაწილეებმა დაიწყეს პიროტექნიკის გამოყენება და ლაზერების მინათება.
სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა. წყლის ჭავლის გამოტყორცნა ჯებირების მარცხენა მხრიდან მოხდა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა მათ მიმართ აგრესია სხვადასხვა ნივთების სროლით გამოხატეს.
ამ წუთებში, წყლის ჭავლის გამოყენება აღარ ხდება, თუმცა აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, პარლამენტის ფანჯრების მიმართულებით.