02 დეკემბერი 2024,   14:51
ვრცლად
ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, 200-ზე მეტი პირი დააკავეს - საქალაქო სასამართლომ დღეს დაკავებული 50-მდე პირის საქმის განხილვა დაიწყო

ირაკლი კვარაცხელიასთან ერთად, დღეს საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 50-მდე პირის საქმის განხილვა დაიწყო. საუბარია ადმინისტრაციული წესით დაკავებულ დემონსტრანტებზე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე პოლიციის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აიყვანეს. დაკავებულების დიდი ნაწილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სამართალდამცველებს ძალადობრივ ქმედებებში ადანაშაულებს.

განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დილით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულების წინააღმდეგ უტყუარი მტკიცებულებები არ არსებობს.

სხდომები სასამართლოს 5 სხვადასხვა დარბაზში მიმდინარეობს. 12 პირიანი საქმის განხილვის დროს, უფლებადამცველებმა ერთობლივად მოითხოვეს მოსამართლე ზვიად ცეკვავას აცილება. სხვა შუამდგომლობების მსგავსად ადვოკატების ეს მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდა.

სხდომების პარალელურად, უფლებადამცველებმა გასულ ღამეს დაკავებულების მოინახულეს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქების დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან.

ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯამში 200-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ ძირითადად ადმინისტრაციული კოდექსის 2 მუხლით, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულების ნაწილი გათავისუფლდა, ნაწილს კი რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

დღის ამბები