02 დეკემბერი 2024,   20:19
ვრცლად
"არა ქვეყნის აყირავების, არამედ ქვეყნის განვითარების სურვილით უნდა გავერთიანდეთ, ერთად მოვითხოვოთ მოლაპარაკებების გახსნა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება" - კახა კალაძე

"ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ არა სიტყვით, არამედ საქმით - სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გადადგა საქართველომ ყველაზე ქმედითი და წარმატებული ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებული ვიდეომიმართვისას.

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ კონსტიტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერით განამტკიცა და საქმით დაამტკიცა, რომ ერთგულია ევროპული კურსის.

"თუ მართლა გულწრფელად უნდათ საქართველოს ევროინტეგრაცია და ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულება, ევროპული სტრუქტურების ხელშია ამის გასაღები. გამოდით ბატონებო და მიიღეთ გადაწყვეტილება. საპროტესტო აქციებზე გამოსულ მოქალაქეებს მივმართავ: არა ქვეყნის აყირავების, არამედ ქვეყნის განვითარების სურვილით უნდა გავერთიანდეთ, ერთად მოვითხოვოთ მოლაპარაკებების გახსნა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დასავლეთმა და არა საქართველოს მთავრობამ.

არარსებული პროტესტის ნაცვლად, მოდით, გამოვხატოთ პროტესტი სწორედ ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. ერთად მოვუწოდოთ ევროკავშირის სტრუქტურებს, გახსნან მოლაპარაკებები, დადონ დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოვაწერთ. გვაჩვენონ პარტნიორობა საქმით და არა მხოლოდ ლაპარაკით. საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება",- აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები