პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციის თქმით, ხელისუფლება თავად გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან რევოლუციურ სცენარებზე საუბარი ხელისუფლებისგან სიახლე არ არის.
"37 ბრიფინგი აქვს სუს-ს ჩატარებული, რომ აქ ვიღაცები საბურავებს იმარაგებენ და ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველაფერი ბოდვაა. არ უნდათ დაინახონ, რატომ გამოდის ამდენი ადამიანი მთელ ქვეყანაში," - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, უკრაინასთან არანაირი პარალელები არ არის და ამ ყველაფრის წარმოჩენას "ქართული ოცნება" ხელოვნურად ცდილობს.
"გასაგებია, რატომ სურთ მშვიდობიანი პროტესტი რევოლუციად წარმოაჩინონ. არანაირი პარალელები უკრაინასთან არ არის, გარდა იმ პარალელებისა, რაც სურს ოცნებამ შექმნას ევროინტეგრაციის კარის დახურვაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა ხელახალი არჩევნებით, მშვიდობიანად, ამ ქვეყნის კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნება," - აცხადებს თეონა აქუბარდია.