4 ნოემბერი, საღამოს 7 საათი - ხელისუფლების ოპონენტები საპროტესტო აქციას ისევ რუსთაველის გამზირზე აანონსებენ. "ქუჩა იქნება ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება სადაც ვიბრძოლებთ" - აცხადებენ ოპოზიციონერები, რომლებმაც შტაბიც კი შექმნეს, სადაც სხვა ხელისუფლებისადმი ანტიპათიით განწყობილი ახალგაზრდული ჯგუფები უნდა მიიზიდონ.
ოპოზიციის სამოქმედო გეგმის მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობაც, რათა მათ მეოთხე ვადით არჩეულ ხელისუფლებაზე მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ და არჩევნები, რომელიც მთავარმა საერთაშორისო არბიტრმა ეუთო/ოდირმა აღიარა არ აღიარებინონ.
ერთი მაგიდის ირგვლივ, სამი პოლიტიკური სუბიექტის 14 ლიდერი შეიკრიბა, თუმცა მათ შორის არ ყოფილა გიორგი გახარია.