მორიგი ბრიფინგი შედგა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში - როგორც ცესკოს პრესსპიკერმა განმარტა, 366 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლის შემდეგ 334 უბანზე მონაცემები უცვლელია, 32 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში კი მაჩვენებლები მცირედით შეიცვალა.
“საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 ოქტომბერს, კანონმდებლობის შესაბამისად, წილისყრით გამოვლენილი 366 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს. 366 საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგები 334 საარჩევნო უბანზე უცვლელი დარჩა, რაც გადათვლილი საარჩევნო უბნების 91.25%-ს შეადგენს. დანარჩენ 32 საარჩევნო უბანზე კი შემაჯამებელ ოქმში მონაცემები მცირედით შეიცვალა.
ცესკო-ს დადგენილების შესაბამისად, საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლის პროცესში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების, როგორც პარტიების მიერ დანიშნული, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები მონაწილეობდნენ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ მთვლელების გამოსავლენი წილისყრის პროცედურებში მონაწილეობა არ მიიღო ან უარი განაცხადა ფუნქციის შესრულებაზე კომისიების პარტიული ნიშნით დანიშნული 732 წევრიდან 271-მა, მათ შორის ოლქის წევრი იყო 171, უბნის – 100. პარტიის მიერ დანიშნულმა ზოგიერთმა წევრმა, მიუხედავად იმისა, რომ თავად დათვალა კენჭისყრის შედეგები და ეს შედეგები შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების იდენტური იყო, უარი განაცხადა გადათვლის აქტებზე ხელმოწერაზე და ასევე, არ დაუჭირა მხარი კომისიის განკარგულებას სხდომებზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს აქვს უფლება, დააფიქსიროს განსხვავებული აზრი იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს. განსხვავებული აზრი დააფიქსირა საუბნო საარჩევნო კომისიების 53 000-მდე მეტი წევრიდან მხოლოდ ცხრამ“, - განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგზე.