22 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
"ამ ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში, ქართველი ხალხი დადგა ჩვენ გვერდით და გააკეთა ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანი - მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართველმა ხალხმა ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი გააკეთა და ხმა მისცა "ქართულ ოცნებას".

კობახიძის განმარტებით, ქართველი ხალხი ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში მმართველი გუნდის გვერდით დადგა, რისთვისაც ის მოსახლეობასა და ამომრჩევლებს მადლობას უხდის.

"ტრადიციულად გვინდა კიდევ ერთხელ შევაჯამოთ არჩევნების შედეგები. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც წყდებოდა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების ბედი და საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი - აირჩია მშვიდობა და აირჩია ქვეყნის განვითარება, აირჩია ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი.

მე მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ქართველ ხალხს, ამომრჩეველს, ქართულ საზოგადოებას იმისათვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ქართველი ხალხი იდგა ჩვენს გვერდით, ყველაზე რთულ წუთებშიც და მოგეხსენებათ არჩევნები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მომენტი ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში და ამ ყველაზე მნიშვნელოვან წუთებშიც ქართველი ხალხი დადგა ჩვენს გვერდით და გააკეთა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი.

ასევე, მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ჩვენს საარჩევნო კამპანიაში, ჩვენს საარჩევნო შტაბებს. ქვეყნის მასშტაბით იყო შექმნილი 73 საარჩევნო შტაბი და უამრავი ადამიანი იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, აგიტაციაში, ამომრჩეველთა მობილიზებაში. რა თქმა უნდა თითოეული მათგანის წვლილი ჩვენს საერთო გამარჯვებაში არის განსაკუთრებული.

ჩვენ მთლიანობაში მივიღეთ დაახლოებით 1,120,000 ხმა, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები და ეს იყო თავისი მნიშვნელობით 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები და ეს გზავნილი ზუსტად მივიდა ამომრჩევლამდე და სწორედ ამას უკავშირდება ის უპრეცედენტო აქტივობა, რომელიც დაფიქსირდა ამ საპარლამენტო არჩევნებზე.

გამარჯვება არის ძალიან შთამბეჭდავი. ჩვენ, სხვაობა მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან, მხოლოდ სხვაობა გვაქვს 43%. ხუთჯერ ჩამოგვრჩება მეორე ადგილზე გასული პარტია. ასევე, რაც შეეხება ოპოზიციას, მცირე მონაცემები მინდა გაგაცნოთ: წინა არჩევნებზე, 2021 წელს, რადიკალურმა ოპოზიციამ მიიღო 845,000-ზე მეტი ხმა, ახლა მხოლოდ 770,000 ხმა. ეს ნიშნავს იმას, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენი რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ ურთულეს პერიოდში თან, ამ ოთხი წლის განმავლობაში, შემცირდა მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის მიმართ ქართულ საზოგადოებაში. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. ქართველი ხალხი ხედავს იმას თუ საით ექაჩებოდა რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას ამ ოთხი წლის განმავლობაში და შედეგიც არის სახეზე.

ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას არ ეყოფოდა ღირსება იმისათვის, რომ შეჰგუებოდა მორიგ მარცხს. თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ვერც ერთხელ ვერ ახერხებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მარცხის ღირსეულად მიღებას, მათ მეცხრედ განიცადეს უკვე მარცხი ამ არჩევნებში. ისინი კიდევ ერთხელ ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებდნენ ამ არჩევნებს, თუმცა, ახლა კიდევ ერთხელ არ გაუჭირდებათ ალბათ თვალებში ჩახედონ საკუთარ ამომრჩეველს და აღიარონ, რომ ატყუებდნენ მათ წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ არასდროს ვატყუებთ ამომრჩეველს. ჩვენ ვამბობდით, თუ როგორი დამაჯერებელი იქნებოდა ჩვენი გამარჯვება და შედეგიც არის სახეზე.

რაც შეეხება მათ პოზიციას, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ რა თქმა უნდა მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა დაუპირისპირდე კონსტიტუციურ წყობილებას და კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამ შემთხვევაშიც მთელი რიგი ენჯეოები პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, რადიკალურ პარტიებთან ერთად დაუპირისპირდნენ კიდევ ერთხელ, ოთხ წელიწადში უკვე მესამედ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ წესწყობილებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, ეს არის უიმედო, იმედდაკარგული, უფრო სწორად, პოლიტიკოსების სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ რაღაცნაირად თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან.

მე მინდა ასევე, მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს იმისათვის, რომ მათ უზრუნველყვეს უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო. რაც შეეხება არჩევნების დღეს. არჩევნების დღემ ჩაიარა თვისებრივად მშვიდ ვითარებაში. 3111 უბნიდან 3100-ზე მეტ უბანზე ვითარება იყო აბსოლუტურად მშვიდი. იყო რამდენიმე საარჩევნო უბანი, სადაც შემთხვევით ისე გამოდიოდა ხოლმე, რომ ერთი და იგივე ჟურნალისტი და ერთი და იგივე ზონდერ დაჯგუფება ოპოზიციიდან ერთად ხვდებოდნენ და მაინც და მაინც იქ იწყებოდა ხოლმე არეულობა. როგორც კი ვამხილეთ ეს ფაქტი მაშინვე შეწყდა არეულობები და ბოლო ორი საათი ჩატარდა მშვიდ გარემოში ყველა საარჩევნო უბანზე. დასკვნები თქვენთვის მომინდვია. კიდევ ერთხელ სამართალდამცავებს განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ ისინი უზრუნველყოფდნენ მშვიდ გარემოს და ზრუნავდნენ რისკების პრევენციაზე. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ძალიან მძიმე ფაქტი. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იყო მსჯავრდებული უმძიმესი დანაშაულისთვის, ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აფეთქების მცდელობისთვის, ერთ-ერთ არჩევნებამდე სამი დღით ადრე ცდილობდა ე.წ. მწვანე საზღვრის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოსვლას. მას ემუქრებოდა საქართველოში 18 წლიანი პატიმრობა და თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რასთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული ამ ადამიანის მხრიდან ასეთ რისკზე წასვლა. მადლობა სამართალდამცავებს იმისათვის, რომ აღკვეთეს საზღვრის უკანონო კვეთა და შესაბამისი პირი დღეს იმყოფება საპატიმროში, დანარჩენს რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს.

ცესკოს განსაკუთრებული მადლობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული გამოწვევა იყო ის, რომ არჩევნები ტარდებოდა პირველად, პრაქტიკულად სრულად ელექტრონული სისტემით. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი ხმას აძლევდა, რეგისტრაციას გადიოდა ელექტრონული წესით და რა თქმა უნდა, ამას სჭირდებოდა განსაკუთრებული მართვა და მადლობა ცესკოს იმისათვის, რომ არჩევნების ადმინისტრირება მოხდა უნაკლოდ და მადლობა ეკუთვნის რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არამედ 3 ათასზე მეტი საარჩევნო კომისიის წევრებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისათვის.

კიდევ ერთხელ ქართველ ხალხს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის და მე მინდა მივულოცო ყველას, არა მხოლოდ იმ 1 120 000 ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს ყველა პატრიოტ მოქალაქეს გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მშვიდობის ბედი გადაწყდა საქართველოსთვის ამ არჩევნებზე და მშვიდობით მოსარგებლე იქნება საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე. მშვიდობას მოაქვს განვითარება და ჩვენ უკვე დღეიდან განვაახლებთ მუშაობას, ყოველდღიურ მუშაობას იმისათვის, რომ ქვეყანას მოვუტანოთ ის წინსვლა, რაზეც იყო საუბარი ჩვენს საარჩევნო პროგრამაში. და მშვიდობის პირობებში ჩვენი პროგრამის განხორციელების საფუძველზე 4 წლის თავზე საქართველო იქნება განვითარების სრულიად სხვა დონეზე. ჩვენ გვქონდა საუბარი კონკრეტულ მონაცემებზე. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 50 მილიარდიდან ამ ოთხ წელიწადში 90 მილიარდ ლარამდე, თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური მიზნები და ვფიქრობთ, რომ 4 წელიწადში აუცილებლად გაიზრდება ჩვენი ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე. 40 მილიარდს გადააჭარბებს 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი. 3500 ლარს გადააჭარბებს საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მოვახერხეთ და 712 ნახევარი ლარიდან უკვე გავზარდეთ 2000 ლარამდე საშუალო ხელფასი. 3500 ლარი გახდება 4 წლის თავზე. 4%-ს ჩამოსცდება უმუშევრობა და სიღარიბე ჩვენი პროგრამის განხორციელების შემდეგ 4 წლის თავზე. დასრულდება ავტობანის პროექტები, ახალი აეროპორტი, ანაკლიის პორტი, ახალი უნივერსიტეტები, ასაშენებელი გვაქვს ასობით ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი. ამ ყველაფერზე უკვე დღეიდან განვაახლებთ მუშაობას. ამ სიკეთით ისარგებლებს რა თქმა უნდა, საქართველოს თითოეული მოქალაქე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გადაწყდა მშვიდობის ბედი ჩვენს ქვეყანაში და მშვიდობა მოიტანს უპრეცედენტო განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები