22 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
მუხიანის დასახლებაში პროექტ “რადიოქალაქის“ პირველი ეტაპი სრულდება

მუხიანის დასახლებაში ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტის პირველი ფაზა რამდენიმე დღეში დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტს, რომელიც 2017 წელს ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ბიზნესთან ერთად ახორციელებს.

“2017 წელს ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო მუხიანის დასახლებაში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარება. გვქონდა პროექტი, რომელსაც ერქვა “რადიოქალაქი“ და ბევრი მიმართულებისგან შედგებოდა. იქ იყო კაფეები, ბარები, შემეცნებითი და მოსასვენებელი სივრცეები, ასევე, სპორტული სივრცეები. გვინდოდა, ბიზნესს განეხორციელებინა აღნიშნული პროექტი. 2019 წელს გამოვაცხადეთ აუქციონი, სადაც გამარჯვებული კომპანია იყო შპს “ინდუსტრიულ ქალაქი“ (“აჭარა ჯგუფში“ შემავალი კომპანია), დავდეთ ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიას საკუთრებაში გადაეცა ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია, რაშიც 23 მლნ ლარზე მეტი გადაიხადა. რა თქმა უნდა, კომპანიას თან აქვს ვალდებულებები, რა უნდა გაკეთდეს და რა პროექტი განხორციელდეს. “რადიოქალაქის“ ტერიტორია 12 ჰექტარს მოიცავს, პროექტის ჯამური ინვესტიცია 90 მილიონ ლარამდეა, საიდანაც უკვე დახარჯულია 43 მილიონი ლარი. აღნიშნული პროექტი შედგება სამ ეტაპად. აღნიშნული პროექტის პირველი ნაწილი რამდენიმე დღეში დასრულდება. მომდევნო დღეებში ადგილზე გასვლის და დათვალიერების შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის უნიკალურობას განაპირობებს ის, რომ მისი განხორციელება თბილისის გარეუბანში შექმნის საინტერესო მიზიდულობის ცენტრს და ინოვაციურ სივრცეს.

კახა კალაძემ პროექტით გათვალისწინებული ბიზნესის განვითარებისა და დასაქმების ახალ შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

“რადიოქალაქი გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და ხელს შეუწყობს 200-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებას, რაც შექმნის მრავალ შესაძლებლობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. “რადიოქალაქი“ გახდება ტექნოლოგიური სტარტაპების, საგანმანათლებლო პროგრამების, ტექ-კომპანიების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების თავშეყრის ადგილი. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს შორის ახალი კავშირებისა და ცოდნის მიმოცვლას. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, რესტორანი და პადელის მოედნები. სამუშაოები 2025 წლის ბოლოსთვის მთლიანად უნდა იყოს დასრულებული. მუნიციპალიტეტი მიესალმება აღნიშნული პროექტის განხორციელებას. ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო ამ პროექტის განხორციელება ბიზნესთან ერთად და ძალიან მიხარია, რომ ამ მიმართულებით წინ მივიწევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები