26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას, მათ შორის, ლიბერალურ ფაშიზმს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ სიძულვილის დათესვის მცდელობაში უცხოური ფული არის ჩართული.
"ლიბერალური ფაშიზმი არ არის ახალი მოვლენა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური ხაზი, რომელიც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის და მათთვის არ არსებობს არავითარი ფასეულობა, მათ შორის მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არც ქართული სპორტი, არც ქართველი სპორტსმენი, არაფერი არ არის მათთვის სინამდვილეში ფასეული, მათი გულშემატკივრობაც არის აბსოლუტურად ყალბი. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ლიბერალურ-ფაშისტური გამოხტომები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ. თუმცა, რა თქმა უნდა ამას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ღირსეულ ადამიანებზე, თავად ამ ადამიანების უღირსობაზე მეტყველებს ის ბულინგის მცდელობა, რომელსაც ისინი ახორციელებენ. 26 ოქტომბრის არჩევნები ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი.
26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას მათ შორის ლიბერალურ ფაშიზმს ჩვენს ქვეყანაში, სიძულვილს, რომლის დათესვასაც ეს ადამიანები ცდილობენ. სამწუხარო ის არის, ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ უცხოური ფული არის ჩართული ამ პროცესებში, რასაც ჰქვია საქართველოში სიძულვილის დათესვის მცდელობა. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, მათ შორის გამჭვირვალობის კანონის მიღება, რომ ყველამ დაინახოს, ვინ აფინანსებს სიძულვილის დათესვას ჩვენს ქვეყანაში", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.