22 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე

აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არის ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციები.

"რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს არის ისეთი თემა, რაზეც საჯაროდ საუბარი არის რთული. არის უამრავი ნიუანსი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონული, გლობალური ვითარების ცვლილებაზე, თუმცა არის ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ აქ გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციები. 1988 წელს დაიწყო მასშტაბური დისიდენტური მოძრაობა და მაშინაც კი არავის სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი შეიძლებოდა დაშლილიყო, თუმცა 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირი დაიშალა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ასეთი ტიპის პროცესებზე. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მთელი ჩვენი ძალისხმევა ამ ორი ეროვნული ამოცანის მიღწევისკენ უნდა იყოს მიმართული - სიღარიბის დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მთავარია პრაგმატული პოლიტიკა, თანმიმდევრულობა, სიმშვიდის შენარჩუნება და მოთმინების გამოვლენა. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი არის აბსოლუტურად რეალური", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები