22 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას - "საქართველოს ევროპული მომავლისთვის" მხარი დაუჭირა

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას - "საქართველოს ევროპული მომავლისთვის" მხარი დაუჭირა. განხილვის მთავარი საკითხები "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონი და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონი იყო.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მსგავსი კანონებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლა ვერ ექნება.

გამომსვლელების ნაწილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ჩარევები უცხო სახელმწიფოს პირად საქმეებში არადემოკრატიული და მიუღებელია, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ. რეზოლუციას მმართველმა პარტიებმა დაუჭირეს მხარი. "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" და სხვა ოპოზიციური პარტიები კი, წინააღმდეგ წავიდნენ. "მემარცხენეებმა" ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაელ როთის განცხადებით, 26 ოქტომბერს საქართველოს ექნება არჩევანის გაკეთების საშუალება. 

"ჩვენი აზრით ევროპული ღირებულებებით შეუძლებელია დაეთანხმო იმას, რომ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების კრიმინალიზება ხდება. ექვემდებარებიან დევნას და დაშინებას, ვინ აკეთებს ამას ევროპის გულში გაუგებარია.

26 ოქტომბერს საქართველოს ექნება არჩევანი ევროპასა და იზოლაციას შორის. გაქვთ არჩევანი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. თუკი ვინმე დააინიცირებს საქართველოში რეჟიმის შექმნას ეს მმართველი პარტია იქნება, რომელიც შორდება იმას რაც მოქალაქეების არჩევანია- მათ სურთ იყვნენ ერთიანი ევროპის ნაწილი,"- აცხადებს როთი

ბუნდესთაგის წევრი მარლე სპელლერბერგი აცხადებს, რომ საქართველო გზაგასაყარზე დგას. 

"საქართველოში ადამიანებს მასობრივად ემუქრებიან, მათ შორის მმართველი პარტია მასობრივად ზღუდავს, სექსუალური უმცირესობების უფლებებს. საქართველო დგას გზაგასაყარზე, რომელიც მის სამომავლო მიმართულებას განსაზღვრავს. არჩევნები, რომელიც საქართველოში უნდა ჩატარდეს გადამწყვეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის, უდიდეს როლს ამ არჩევნებში ითამაშებს დაკვირვება.

გასაგებია, რომ ევროინტეგრაციის კუთხით არ გადაიდგმება არც ერთი ნაბიჯი ,მანამ სანამ არ განხორციელდება ჩვენი მოთხოვნა, რომელიცაა დემოკრატია და ევროპული მმართველობა. სამოქალაქო ორგანიზაციების აქტივისტები და ლგბტ საზოგადოების წევრები რომელიც მუქარასა და ძალადობას განიცდიან დაცულნი უნდა იყვნენ და არასდროს გახდნენ ამ თავდასხმის სამიზნეები. ეს არის საზომი დემოკრატიისა ამა თუ იმ ქვეყანაში. ამით იზომება პოლიტიკური ტემპერატურა, ამ ყველაფერს რეალური გავლენა აქვს საქართველოში მცხოვრებ ადამიანებზე. ამ ბრძოლას აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი,"- აცხადებს მარლე სპელლერბერგი

"ალტერნატივა გერმანიისთვის" წარმომადგენელი სტეფენ კოტრე აცხადებს, რომ საქართველო საარჩევნო ყუთთან გადაწყვეტს, ირჩევს თუ არა ევროკავშირს. 

"ეს წინადადება სხვა არაფერია თუ არა უცხო სახელმწიფოს პირად საქმეებში ჩარევა. საერთოდ არაა მნიშვნელოვანი თუ რას თვლის ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით, სწორად თუ არასწორად. ევროკავშირის წარმომადგენლების მოვალეობა არაა დადგინოს ქვეყნის პოლიტიკური მიმდინარეობა. საქართველო საარჩევნო ყუთთან გადაწყვეტს ირჩევს თუ არა ევროკავშირს. პროპაგანდისტებმა ევროკავშირიდან გამჭვირვალობის შესახებ კანონის დისკრიმინაცია მოახდინეს, თუმცა ეს კანონი აბსოლიტურად ლეგიტიმური და სამართლებრივია. კანონში არსებული რეგულაციები არ განსხვავდება მაგალითად იაპონიაში, ამერიკის შეერტებულ შტატებში ან ისრაელში არსებული რეგულაციებისგან. სახელმწიფოს აქვს უფლება იცოდეს რას საქმიანობენ მის ტერიტორიაზე. ბატონი როთი, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე და ევროკავშირის სხვა აგენტები თბილისში დემონსტრაციებზე იმყოფებოდნენ.

ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, იქ პროპაგანდას ეწეოდნენ და ხმამაღალ მოწოდებებს აკეთებდნენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამით თქვენ საკუთარ არადემოკრატიულ და ინტერვენციულ სახეს აჩვენებთ. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ხერხით ხდება ჩარევა. ჩვენ ვხედავთ, სადამდე მიიყვანა ამგვარმა ჩარევამ უკრაინა. თუ ევროკავშირიდან ახლა ამგვარად ერევიან, მაშინ საინტერესო იქნებოდა გაგვეგო, იგეგმება თუ არა კიდევ სადმე ნარინჯისფერი რევოლუცია, ან კიდევ სადმე იხარჯება ფული გარკვეული გავლენისთვის . პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" უარყოფს ერთპოლუსიან, მფარველობით პოლიტიკას. მსოფლიოში სადაც მრავალპარტიულობა იქმნება არსებობენ სხვადასხვა ტრადიციების, ღირებულებების და ჩვეულებების ქვეყნები. ეს ზუსტად ისაა, რასაც პატივი უნდა ვცეთ,"- აცხადებს სტეფენ კოტრე

გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების ჯგუფის ლიდერის ანდრეს ჰუნკოს განცხადებით, საქართველოს არ სურს რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლა. 

"საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების გათვალისწინებით მე მოგიწოდებთ უფრო მეტი დიფერენციაციისკენ და თავშეკავებისკენ . ვთვლი, რომ ეს დებატი არ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის , რომ გავცეთ ესა თუ ის რეკომენდაციები რომელიც საქართველოში არჩევნებს უკავშირდება. რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის შეჭრის შემდეგ საქართველო ძლიერი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, მთავრობაზე ძლიერი წნეხი განხორციელდა, იმისთვის რომ ქვეყანას მიეღო მონაწილეობა რუსეთთან კონფრონტაციის კურსში.

მაგალითად ეკონომიკური სანქციების გზით, ასევე სამხედრო მომარაგების და შეიარაღების გადაცემის თვალსაზრისით. საქართველოს მთავრობამ ეს უარყო. ვფიქრობ თუ შევხედავთ საქართველოს გეოგრაფიას გასაგები ხდება, რომ საქართველოს არ სურს რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლა. რაც უფრო მეტად იზრდება პოლარიზაცია მით მეტად ვეუბნებით საქართველოს, რომ "" თუ ხმას ერთ მხარეს მისცემთ ამით ევროპას შეუერთდებით და თუ მეორე მხარეს მაშინ რუსეთთან იქნებით. ეს პრაქტიკულად ქვეყანას საგარეო ურთიერთობების ალტერნატივას უქმნის , რომელიც ჩემი შეხედულებით ჩვენ არ უნდა წამოვაყენოთ,"- აცხადებს ანდრეს ჰუნკო.

დღის ამბები