22 ნოემბერი 2024,   04:08
ვრცლად
"ყოველთვის უნდა ასწიოს თავი, მაშინაც კი, როცა დაეცემა - მინდა, მზად იყოს ცხოვრების ყოველი გამოწვევისთვის" - ხვიჩა კვარაცხელია პატარა დამიანეზე

"ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა!,"- ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიფასთან" ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისივე თქმით, მამობამ კიდევ უფრო მოტივირებული გახადა და ყველა გატანილ გოლს პატარა დამიანეს უძღვნის.

"ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უცებ ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა, გავმხდარიყავი მამა. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს. ყოველდღე ბედნიერად ვიღვიძებ და ვიმედოვნებ, რომ ყველას მიეცემა შესაძლებლობა, მამობა განიცადოს. კიდევ უფრო მოტივირებული გავხდი. ვიცი, რომ ჩემი შვილი ამ ყველაფერს დაინახავს, ​​როცა გაიზრდება, ეს ძალიან მახარებს - რთულია ამის სიტყვებით გადმოცემა. ეს ემოციები მაძლიერებს. ვცდილობ, ეს გრძნობა მოედანზე გადავიტანო და ამიტომ ჩემს გოლებს ვუძღვნი მას", - ამბობს ფეხბურთელი.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ასწავლის ხვიჩა კვარაცხელია თავის შვილს, სპორტსმენი პასუხობს, რომ, პირველ რიგში, ასწავლის, თუ როგორ იყოს ძლიერი.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა ვასწავლო მას, იყოს ძლიერი. ცხოვრება სავსეა გაჭირვებით, მაგრამ უნდა ვიპოვოთ გზა მათ გადასალახად და ყოველთვის უნდა ასწიოს თავი მაღლა, მაშინაც კი, როცა დაეცემა. მინდა, რომ ვასწავლო ყველა დაბრკოლების გადალახვა, რადგან მზად იყოს ცხოვრებაში ყველა გამოწვევისთვის. არ მაქვს სხვა კონკრეტული რჩევა, რომელსაც მას მივცემ. ჩემი გზა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ თითოეულ გამოწვევას მიზანდასახულობით და მონდომებით გავუმკლავდი. ბედნიერი ვარ ჩემი განვლილი გზით,"- აცხადებს კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ ბიჭი 2 თვის წინ შეეძინა - მშობლებმა - ნიცა თავაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ მას დამიანე დაარქვეს.

დღის ამბები