22 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
"ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი ირანისა და მის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტებისგან" - კამალა ჰარისი

სადამდე მივა ვითარება ახლო აღმოსავლეთში?! "ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და გადაიხდის" - ასეთია ისრაელის პოზიცია. ირანი კი ისრაელს, პასუხის შემთხვევაში უფრო მასშტაბური დარტყმით ემუქრება.

ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა თქვა, რომ ისრაელზე წინა საღამოს განხორციელებული სარაკეტო შეტევა მიმართული იყო მხოლოდ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ და ეს იყო პასუხი "ჰეზბოლას" ლიდერის ჰასან ნასრალას მკვლელობაზე.

ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა, მათი უმეტესი ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვამ, შეერთებული შტატების დახმარებით, გაანეიტრალა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ისრაელი ზარალს ითვლის, თეირანის ქუჩებში კი საზეიმო მსვლელობა მოეწყო.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის თქმით, ირანი "საშიში" და "დესტაბილიზაციის" ძალაა ახლო აღმოსავლეთში და ის მხარს უჭერს ბაიდენის მიერ ამერიკელი სამხედროებისთვის გაცემულ ბრძანებას, ირანული რაკეტების ჩამოგდების თაობაზე.

"ცალსახად ვგმობთ ამ თავდასხმას. ყველაფერს ცხადად ვხედავ. ირანი არის მადესტაბილიზირებელი საშიში ძალა ახლო აღმოსავლეთში და ისრაელზე თავდასხმა მხოლოდ ამის დასტურია. ირანი საფრთხეა არა მხოლოდ ისრაელისთვის, ასევე რეგიონში ამერიკელი პერსონალისთვის, ამერიკის ინტერესებისთვის და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მივესალმები პრეზიდენტი ბაიდენის ბრძანებას ამერიკელი სამხედროების მიმართ რეგიონში, რომ, აპრილის მსგავსად, ჩამოეგდოთ ირანული რაკეტები,რომლებიც ისრაელის მისამართით იქნა ნასროლი. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ეფექტური იყო. აშშ არასოდეს დააყოვნებს ქმედებას, რომელიც აუცილებელია აშშ-ის ძალებისა და ინტერესების დასაცავად ირანისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტების წინააღმდეგ. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ირანისა და მის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტებისგან", - განაცხადა კამალა ჰარისმა.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერი. კირ სტარმერმა დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ვგმობ ირანის რეჟიმის თავდასხმას უდანაშაულო ისრაელელების წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით და ვაღიარებთ მის უფლებას, დაიცვას თავი ამ აგრესიის წინაშე. ირანმა და მისმა სატელიტების უნდა შეწყვიტონ მსგავსი ქმედებები. ირანი, ზედმეტად დიდი ხანია, ემუქრება ახლო აღმოსავლეთს. ქაოსი და დესტრუქცია მოიტანა არა მხოლოდ ისრაელში, არამედ მის მიღმაც, ლიბანში თუ სხვაგან. ნუ შეხვალთ შეცდომაში, ბრიტანეთი ამ დანაშაულის წინააღმდეგ იდგება ისრაელის გვერდით", - განაცხადა კირ სტარმერმა.

 

დღის ამბები