25 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ იმსჯელა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, საქართველოში დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელია არსებობდეს სამართლებრივი რეგულაციები, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გზით დნმ-ის მონაცემთა ბაზის ფორმირებისთვის საკანონმდებლო ჩარჩო შეიქმნება.

"კანონპროექტის მიღების შედეგად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეინახება „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილები“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კანონპროექტით განისაზღვრება დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძვლები და პირობები. კერძოდ, გენეტიკური პროფილის შენახვით დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით, ბიუროს ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა.

კანონპროექტით განისაზღვრება, ასევე, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირები, კერძოდ, სავალდებულო იქნება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები. გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის მისივე თანხმობით დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, შესაძლებელი იქნება გენეტიკური პროფილის როგორც სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა, ასევე სხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების მიერ დამუშავებული გენეტიკური პროფილის გამოთხოვა და საქართველოს დნმ-ის მონაცემთა ბაზაში მათი ასახვა.

კანონპროექტი, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაა.

დღის ამბები