22 ნოემბერი 2024,   03:55
ვრცლად
ტყიბული 85 წლისაა - ქალაქის საიუბილეო თარიღი და "მეშახტეების დღე" ადგილობრივებს პრემიერმა გუნდის წევრებთან ერთად მიულოცა

ტყიბული, დაარსებიდან 85 წლის იუბილესთან ერთად, "მეშახტის დღეს"აღნიშნავს. ქალაქის ცენტრში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა, ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი სივრცეები . ადგილობრივებთან ერთად, "ტყიბულქალაქობა" რეგიონებიდან ჩასულმა სტუმრებმაც იზეიმეს.

"მეშახტის დღე" ტყიბულელებთან ერთად აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე ქალაქში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა. ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა. პრემიერმა ქალაქში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომლებმაც 2019 წლის შემდეგ მეშახტეების ხელფასების ზრდა, შახტების გადაიარაღება და შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესება გამოიწვია.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა და ტყიბულის მერმა. ამ შემთხვევაშიც, აქცენტი ქალაქის განვითარების პროცესში მეშახტეების როლზე გაკეთდა.

ირაკლი კობახიძე დაღუპული მეშახტეების მემორიალთან იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მათ ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო

დღესვე, პრემიერმა პროფესიული დღე მიულოცა "საქნახშირის" თანამშრომლებს. საწარმოში, ამჟამად, 1300-მდე ადამიანია დასაქმებული. მთავრობის მეთაურმა ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მეშახტეებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

დღის ამბები