22 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ბულინგი თუ შეცდომის აღიარება - რატომ შეცვალა "სირცხვილიამ" გადაწყვეტილება "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" რეგისტრაციის შესახებ

ორჯერ შეცვლილი პოზიცია - ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში, "სირცხვილიამ" საკუთარი პოზიცია რადიკალურად შეცვალა - ორგანიზაციამ "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" დარეგისტრირება გადაიფიქრა, სოციალურ ქსელში ვიდეო წაშალა და საკუთარი გადაწყვეტილების ცვლილება განცხადებაში ახსნა.

"სირცხვილიაში" განმარტავენ, რომ რეგისტრაცია საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო გადაიფიქრეს. წინა ღამით მიღებულ გადაწყვეტილებაზე კი პასუხისმგებლობა, ორგანიზაციის ინფორმაციით, აღმასრულებელმა დირექტორმა აიღო და თანამდებობაც დატოვა.

"სირცხვილიას" შეცვლილი რიტორიკა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, კრიტიკის შემდეგ მოიწონა, თუმცა, მეორე ნაწილისთვის ორგანიზაციის განმარტება გაუგებარი აღმოჩნდა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ორი დღის განმავლობაში "სირცხვილიას" ერთმანეთისგან განსხვავებულმა პოზიციებმა, საერთო ბრძოლა და თავად მოძრაობის რეპუტაცია დააზიანა.

სახელისუფლებო გუნდს "სირცხვილიას" შეცვლილი პოზიცია არ უკვირს. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ იმ ზეწოლის ფონზე, რომელიც ორგანიზაციის მიმართ თანამოაზრეების მხრიდან ისმოდა, გადაწყვეტილების ცვლილება მოსალოდნელიც კი იყო.

ორგანიზაცია "სირცხვილიამ" უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში დარეგისტრირების გადაწყვეტილება გუშინ, გვიან ღამით, 9 წუთიან ვიდეოში განმარტა. ჩანაწერში, ორგანიზაციის წევრები და აღმასრულებელი დირექტორი სწორედ იმ არგუმენტებს ხსნიდნენ, რის გამოც "სირცხვიალიამ", რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მთავარი მოწინააღმდეგე იყო, რეესტრში დარეგისტრირება გადაწყვიტა.

სახელისუფლებო გუნდისთვის "სირცხვილიას" შეცვლილი გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მესამე სექტორის საქმიანობას არ ზღუდავს. პრემიერ-მინისტრი ორგანიზაციის პოზიციას ერთგვარ აღიარებას უწოდებს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი საკანონმდებლო ორგანომ მაისში მიიღო. პროექტის განხილვას, პარალელურად, თან სდევდა კანონის მოწინააღმდეგეთა პროტესტი. აქციებს, რომელიც პარლამენტთან მიმდინარეობდა, ორგანიზებას სწორედ "სირცხვილია" უწევდა.

დღის ამბები