22 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
უკრაინა კურსკში წინ მიიწევს - ბოლო 24 საათში, უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 5 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს

ქალაქი ბელგოროდი უკრაინის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. საჰაერო იერიშების შედეგად დანგრეულია სახლები, არიან დაღუპულები და დაშავებულები, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის არიან ბავშვებიც. ქალაქის მერი ამბობს, რომ შეტევა კასეტური საბრძოლო იარაღით განხორციელდა.

უკრაინა წინ მიიწევს კურსკშიც. ქვეყნის უმაღლესმა მეთაურმა განაცხადა, რომ კიევის ძალები ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის დასავლეთ კურსკის რეგიონში ორი კილომეტრით დაწინაურდნენ.

შეტევას განაგრძობს ოკუპანტიც. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში გლოვის დღეა. ხარკოვი ბოლო 24 საათში 5-ჯერ დაიბომბა, არის მსხვერპლი, მათ შორისაა 14 წლის გოგონა. იერიშის შედეგად დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. ხარკოვში 31 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

შეტევა იყო დონეცკის ოლქზეც, დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი, კრემლი სუმის ოლქსაც უტევს. რუსმა სამხედროებმა სუმის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების დიდი სარაკეტო და საარტილერიო იარაღის საწყობი გაანადგურეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ცვლილებებია. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა. უცნობია პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი, თუმცა მისი თქმით, უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალები სამეთაურო დონეზე უნდა გაძლიერდეს.

ნიკოლაი ოლეშჩუკი გენერალ-ლეიტენანტ ანატოლ კრივონოჟკომ ჩაანაცვლა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა "ცენტრს" ​​ხელმძღვანელობდა.

ავტორი: მარიამ იობიძე.

 

დღის ამბები