22 ნოემბერი 2024,   04:03
ვრცლად
1 ოქტომბერს საზოგადოებას წარვუდგენთ "ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამას, ეს იქნება ერთადერთი პროგრამა, რომელიც იქნება, ერთდროულად, ამბიციურიც და განხორციელებადიც - პრემიერი

1 ოქტომბერს საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამას. ეს იქნება ერთადერთი პროგრამა, რომელიც იქნება, ერთდროულად, ამბიციურიც და განხორციელებადიც - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში განაცხადა. 

"საქართველოს ჭირდება არა ომი, არამედ მშვიდობა, არა განადგურება, არამედ წინსვლა და განვითარება. ძალიან მოკლედ ჩამოვთვლი იმ  მიღწევებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ მოუტანა:
დასრულდა ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა;
გათავისუფლდა ბიზნესი და მედია;
2,5-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შემცირდა პატიმრების  სიკვდილიანობის მაჩვენებელი;
3-ჯერ გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და სახელმწიფო ბიუჯეტი;
3-ჯერ გაიზარდა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი;
ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა; 
3-ჯერ გაიზარდა პენსიები და სოციალური დახმარების პაკეტი;
ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები;
700 ათასამდე მოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს.

ამ ყველაფერთან ერთად, შევინარჩუნეთ 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

ეს ყველაფერი მოიტანა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ და რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ყველაფრისთვის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

საქართველოს წინსვლა და განვითარება უნდა გაგრძელდეს. 1 ოქტომბერს საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამას. ეს იქნება ერთადერთი პროგრამა, რომელიც იქნება, ერთდროულად, ამბიციურიც და განხორციელებადიც. ჩვენი საარჩევნო პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს წინსვლა ყველა მიმართულებით - ეკონომიკური ზრდით დაწყებული, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებით დამთავრებული.

აქვე, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ყოველგვარი განვითარება შეუძლებელია, თუ არ გვექნება მშვიდობა და სიმშვიდე ქვეყანაში. და გურულებმა ყველაზე კარგად იცით მშვიდობის ფასი. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს არჩევანი, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.

მე დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს გურია და სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ, ახლა უკვე მეცხრედ აირჩევს მშვიდობის პარტიას, აირჩევს „ქართულ ოცნებას“, რაც მორიგ ჯერზე საქართველოს მშვიდობიანი და სწრაფი განვითარების გარანტია გახდება.

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს!"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები