22 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის მეორე დღე სასამართლოში - საჯარო რეესტრის უფროსს, პერსონალური მონაცემების გამოთხოვის უფლების ახსნა მოუწია

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს და საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს საკონსტიტუციო სასამართლო მთელი დღის განმავლობაში უსმენდა. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, დღეს სწორედ მათთან გასაუბრებით განახლდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სხდომაზე გამოსვლა იმ სამ ძირითად საკითხზე საუბრით დაიწყო, რომელიც კანონის აღსრულების პროცესში უწყების როლს უკავშირდება.

ბექა ძამაშვილის გამოსვლას რეპლიკით უპასუხა მოსარჩელე მხარემ. ეკა ბესელიას რეაქციას დარბაზში მცირე ხმაურიც მოჰყვა. მისი გამოსვლა მოპასუხე მხარემ ჩარევად აღიქვა. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც დღეს საჯარო რეესტრის ხელმძღვანელთან დაისვა, პერსონალური მონაცემებისა და განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციის დაცვას უკავშირდებოდა. ამ შეკითხვებით ადრესატს მოსამართლეებმა მიმართეს.

კითხვები დღეს მხოლოდ დარბაზში მყოფებთან არ დასმულა. მოსარჩელე მხარემ დღეს კითხვით ხელოვნურ ინტელექტსაც მიმართა და დაინტერესდა კანონის აღსრულების პროცესში ხელოვნურ ინტელექტს რამდენად ექნება ნდობა. კანონის მოწინააღმდეგეების განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო კონფიდენციალური ინფორმაციის ხელშეუხებლობის აუცილებლობაც.

საკონსტიტუციო სხდომის მიმდინარეობის დროს გაირკვა ისიც, რომ სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით შესაბამის სამსახურს 322-მა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პარალელურად, მმართველ პარტიაში კანონის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მოსარჩელე მხარის განცხადებები უსაფუძვლოა და ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი უფლებებს არ არღვევს მინიმუმ იმ ფაქტმაც დაადასტურა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ თავად შეაჩერა კანონის მეთერთმეტე მუხლის პირველი ნაწილის გასაჩივრების პროცესი.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები პრეზიდენტს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ წარდგენილი. განხილვა კი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.

ავტორი: მარიამ ურუშაძე. 

დღის ამბები