22 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
იხარჯება თუ არა უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში - ხელისუფლება დანიის საელჩოსგან განმარტებებს კვლავ ელოდება

იხარჯება თუ არა უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში - მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის შედეგად, "დემოკრატიის ფესტივალი" პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებად უკვე ოფიციალურად შეფასდა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ფესტივალის ორგანიზატორი, მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი და მისი დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე, კანონის წინაშე ვალდებულები არიან პოლიტიკურ საქმიანობას გაემიჯნონ ან პარტიების მსგავსად, ფინანსური დეკლარაციები შეავსონ. უმრავლესობას კითხვები აქვს მათ დონორებთანაც - დანიურ მხარესთან, რომელიც ფესტივალის დამფინანსებელია. 

რა პოზიცია აქვს დანიის საელჩოს ოფიციალური უწყების განცხადების შემდეგ - მორიგი მიმართვის მიუხედავად, დიპლომატიური მისია განმარტებებს ისევ არ აკეთებს. ანტიკორუფციული ბიურო კი, მათი მხრიდან დაფინანსებულ ფესტივალს, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერად აფასებს.

ღონისძიების ორგანიზატორები ამას უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებენ. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, თავად ლევან ცუცქირიძის ნაცვლად კი, კომენტარი დღესაც "ლელოში" გააკეთეს. ფესტივალის მონაწილე სხვა პარტიების მსგავსად, მათაც თქვეს, რომ ღონისძიება მათთვის წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთან საუბრის კარგი პლატფორმაა.

ფესტივალის ფარგლებში მოსახლეობასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ყველას არ გამოუყენებია. პარტიები, რომლებიც რეგიონში გამართულ შეხვედრებს არ დასწრებიან, აცხადებენ, რომ მათ დამოუკიდებელი საარჩევნო კამპანია აქვთ.

ღონისძიება რომ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, ამაზე "ქართული ოცნება" ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებამდეც საუბრობდა. უმრავლესობის აზრით, დემოკრატიის ფესტივალის მაგალითზე, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ოპოზიცია საარჩევნო კამპანიისთვის უცხოურ ფულს არასამთავრობო სექტორის გავლით ხარჯავს.

წალენჯიხის, თელავისა და ქუთაისის შემდეგ, "დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის" მხარდაჭერით, ფესტივალი რამდენიმე დღეში უკვე თბილისში ჩატარდება. ირღვევა თუ არა კანონი, რომელიც პარტიების დაფინანსებას უცხოეთიდან კრძალავს - ანტიკორუფციული ბიურო მტკიცებულებების მოპოვების პროცესშია.  

დღის ამბები