"საქართველოდან როცა მოდიხარ, ჩათვალე, არაფრიდან მოდიხარ. არაფერი არ გაქვს გაკეთებული აქ როცა მოდიხარ, იმიტომ, რომ შედარებით სხვა დონეა აქ, ფეხბურთის დონე სხვა არის," - ეს სიტყვები გიორგი მამარდაშვილმა "რუსთავი 2"-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მაშინ თქვა, როცა უკვე "ვალენსიელებისთვის" უმთავრესი დასაყრდენი ძალა იყო. დღეს, ქართველი მეკარე, ოფიციალურად პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი და დიდი ისტორიის მქონე კლუბის წევრია. "ლივერპულთან" ხანგრძლივი მოლაპარაკებები ორივე მხარისთვის მისაღები შედეგით დასრულდა და ხელშეკრულებასაც ბეჭედი საბოლოოდ დაესვა.
ქართულ საფეხბურთო რეალობაში თითზე ჩამოსათვლელია ხმაურიანი ტრანსფერები. აქამდე იყო შოთა არველაძე და ამსტერდამის "აიაქსი". იყო კახა კალაძე და იტალიური "მილანი". ახლა უკვე არის გიორგი მამარდაშვილი და "ლივერპული", რაც ზოგადად ქართული რეალობისთვის უდიდესი წარმატებაა.
იქამდე, სანამ "ლივერპულსა" და მამარდაშვილს შორის შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდებოდა, ქართველი მეკარის კარიერის გაგრძელების რამდენიმე შესაძლო ვერსია განიხილებოდა. საფეხბურთო წრეებში ყველაზე აქტიურად "ბორნმუთის" ვარიანტს მოიაზრებდნენ და ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა.
ამ ეტაპზე, მამარდაშვილი დარჩა იქ, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს - კლუბში, რომელმაც მისი კარიერის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. ბრიტანელებთან მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, იჯარით "ვალენსიაში" დარჩენის საკითხი ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო მამარდაშვილისთვის, რაზეც "ლივერპულს", დათმობაზე წასვლა მოუხდა. ქართველის მხრიდან ეს ნაბიჯი მადლიერების გამოხატვის უმთავრესი საშუალება იყო ესპანური კლუბისა და ხოსე ბორდალასის მიმართ, რომელმაც, თავის დროზე, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მეკარეს სრული ნდობა გამოუცხადა.
ესპანურ ფეხბურთში თავის დამკვიდრებას ევროპირველობაზე უმაღლეს დონეზე ჩატარებული შეხვედრები მოჰყვა, რამაც მამარდაშვილის მიმართ არსებული ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე ამ მომენტიდან "ლივერპულის" სრულუფლებიანი წევრია, თუმცა ახალ კლუბს 2025/26 წლების სეზონიდან შეუერთდება.
"ტრანსფერმარკტის" მიხედვით, გარიგების საფასური 32.5 მილიონი ევროა. ეს არის ახალი სატრანსფერო რეკორდი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ამ რეკორდის ავტორი კი უკვე მომდევნო სეზონიდან, საკუთარ თავზე იგრძნობს იმას, რასაც მერსისაიდული კლუბის თითოეული წევრი საშინაო თუ საგარეო მატჩებისას გრძნობს და რაც "ლივერპულის" ისტორიის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი