22 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
"მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ ვიყენებთ ყველა კანონიერ და სამართლებრივ გზას, რათა ვამხილოთ რუსული კანონის შინაარსობრივი ხარვეზები და ანტიდემოკრატიულობა" - ირაკლი კუპრაძე

ერთი დღე განხილვის დაწყებამდე. საკონსტიტუციო სასამართლო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე ხვალ განმწესრიგებელ სხდომას მართავს. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. კონსტიტუციური სარჩელების ავტორები ასევე ითხოვენ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედება შეჩერდეს.

"ქართული ოცნების" შეფასებით, ეს სარჩელი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა კი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და პრეზიდენტის საერთო გეგმისა და ინტერესების ლუსტრაცია მოახდინა. შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, კოალიცია ”ძლიერი საქართველო” ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს რათა ამხილოს რუსული კანონის ანტიდემოკრატიული მხარე.

"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მოლოდინი ცალსახად არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ ვიყენებთ ყველა კანონიერ და სამართლებრივ გზას, რათა ვამხილოთ რუსული კანონის შინაარსობრივი ხარვეზები და ანტიდემოკრატიულობა.

"ქართული ოცნების" ბრალდებები, რომლებსაც ისინი აყენებენ ხოლმე მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტულ ნარატივებზეა დაყრდონიბილი,"- აცხადებს კუპრაძე.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” ნიკა ობოლაძის თქმით, საქართველოში არაგამჭვირვალე "ქართული ოცნებაა".

"საქართველოში თუ ვინმე არ არის გამჭვირვალე ეს არის "ქართული ოცნება" და მისი კლანი. რაც შეეხება სარჩელს, ჩვენ არ ვეთანხმებით ამას და არ ვფიქრობთ, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და ის რაიმე დროში მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას,"- აცხადებს ობოლაძე.

დღის ამბები