საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენეების კანდიდატის დანიშვნაზე უარი განაცხადა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ფრანს-პრესი" ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ელისეის სასახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარი თქვა და პარტიებთან ახალ კონსულტაციებს დაიწყებს.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, "ინსტიტუციური სტაბილურობის" სახელით "ახალი სახალხო ფრონტის" პრემიერ-მინისტრის დანიშვნას გამორიცხავს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მემარცხენე ბლოკს "სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისკენ" მოუწოდა.
შეგახსენებთ, ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა არცერთ პარტიულ ჯგუფს არ აქვს.