ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ ბათუმური კონცერტები დასრულდა.
25 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ვირტუოზმა მევიოლინემ, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატმა ელვინ ხოჯა განიევმა ფესტივალის საბაზო ორკესტრთან „საქართველოს ვირტუოზები“ ერთად შეასრულა ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას წელიწადის დროები.
ელვინ ხოჯა განიევი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორისაა ენესკუს, ჰეიფეცის, ოისტრახის, ლიპინსკი-ვენიავსკის კონკურსები და მრავალი სხვ. იგი სტამბოლის IKSV კულტურისა და ხელოვნების პრემიის ლაურეატია. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი, რომელთა შორისაა რომის პაპის მედალი. ჩაწერილი აქვს რამდენიმე ალბომი, უკრავს უნიკალურ, 1715 წლის ჯუზეპე გვარნერის ვიოლინოზე „filius Andreae“, ეჟენ სარტორის ხემით. 25 აგვისტოს კონცერტზე მან შეასრულა ანტონიო ვივალდის „წელიწადის დრონის“ კადენციები, რომელიც სპეციალურად ბაბუამისისთვის, სერვერ განიევისთვის დაწერა ცნობილმა იტალიელმა დირიჟორმა ანტონიო პიროლიმ.
წლევანდელი ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი ლიკანში. 21 აგვისტოს ღია ცის ქვეშ გაიმართა დიდი გალა კონცერტი, რომელზეც აჟღერდა მსოფლიო კინოკლასიკის შედევრები, ბელა ბარტოკის რუმინული ცეკვები, ანტონიო ვივალდის, ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები და ქართული მუსიკა: რევაზ ლაღიძისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები.
23 აგვისტოს კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილმა იტალიელმა ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკმა ააჟღერა მსოფლიო კინომუსიკის შედევრები, Tango Nuevos-ს ფუძემდებლის ასტორ პიაცოლასა და სხვათა მუსიკა.
ბათუმის ბოლო კონცერტზე ელვინ ხოჯა განიევმა და ქართველმა მუსიკოსებმა ლიზი რამიშვილმა და სანდრო ნებიერიძემ დამსწრე საზოგადოებას სიურპრიზი მოუმზადეს - მათ ერთად დაუკრეს და მსმენელის მქუხარე აპლოდისმენტები და ხანგრძლივი ოვაციებიც დაიმსახურეს.
გიორგი ისაკაძე:
"კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა და ამით დასრულდა „ღამის სერენადების“ ბათუმური ნაწილი.დიდად მოხარულები ვართ პუბლიკის ასეთი თბილი და აღტაცებული რეაქციის. ჩვენთვის ყოველთვის დიდი სიხარულია დახვეწილი მუსიკალური გემოვნების მქონე ბათუმელ მსმენელთან შეხვედრა. წელს ბათუმური ნაწილი 2 კონცერტისგან შედგებოდა. 23 აგვისტოს შესანიშნავი იტალიელი ვირტუოზი ბანდონეონისტი მარიო სტაფანო პიეტროდარკი წარსდგა მსმენელის წინაშე ჩვენს შესანიშნავ ფესტივალის საბაზო ორკესტრთან “საქართველოს ვირტუოზები“ ერთად (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე)მარიომ შეასრულა ძალზე საინტერესო პროგრამა - ფილმური მუსიკით დაწყებული, არგენტინული ტანგოთი დამთავრებული: ენიო მორიკონეს, ნინო როტას, ასტორ პიაცოლასა და სხვათა ნაწარმოებები.
განსაკუთრებული სიურპრიზი იყო მსმენელისთვის სპეციალურად მოწვეული სტუმრის უნიჭიერესი ახალგაზრდა მევიოლინეს ელვინ ხოჯა განიევის მონაწილეობა ამ კონცერტში. მათ ერთად 2 ნაწარმოები შეასრულეს. კონცერტის ბოლოს პუბლიკა აჟიტირებული აღფრთოვანებით დიდი აპლოდისმენტებითა და ბრავოს შეძახილებით უმადლოდა შესანიშნავ სოლისტებს.
25 აგვისტოს გაიმართა ელვინ ხოჯა განიევის კონცერტი. მან შეასრულა ტემატური პროგრამა: ანტონიო ვივალდის „წელიწადის დრონი“ და ასტორ პიაცოლას „ბუენოს აირესის წელიწადის დრონი“. ამ კონცერტზე პუბლიკას შევთავაზეთ 2 შესანიშნავი სიურპრიზი. სპონტანურად ვთხოვეთ ჩვენს უნიჭიერეს პიანისტსა და კომპოზიტორს სანდრო ნებიერიძეს შეესრულებინა ანტონიო ვივალდის „წელიწადის დრონის“ კლავესინის პარტია. ელვინი და სანდრო მსმენელის წინაშე დუეტით წარსდგნენ.
ამ კონცერტში სპეციალურად მოწვეული სტუმარიჩვენი შესანიშნავი ვიოლონჩელისტი, ვირტუოზი ლიზი რამიშვილი ჩაერთო. ლიზის და ელვინს მრავალი წლის მეგობრობა აკავშირებთ. ის სპეციალურად ჩამოვიდა ბათუმში და გაჩნდა იდეა, რომ ელვინს და ლიზის დუეტში დაეკრათ.
მოხარულები ვართ, რომ ასე წარმატებით დასრულდა ფესტივალის ბათუმური ნაწილი და ველით ბათუმელ პუბლიკასთან შეხვედრას მომავალ წელს.
რაც შეეხება თბილისს, წინ გველოდება 4 კონცერტი: 15, 17, 18 და 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 15 სექტემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში უკვე მეორედ, პუბლიკა მოუსმენს იტალიელ დირიჟორს, Orchestra Scarlatti Young-ის და „Milano Classica“-ს მთავარი დირიჟორს, ტოსკანას ორკესტრის მთავარ მოწვეულ დირიჟორს, ფონდ Taormina Arte-ს სამხატვრო ხელმძღვანელს, იტალიის კულტურის მინისტრის მრჩეველს მუსიკის დარგში – ბეატრიჩე ვენეცის. იგი ფესტივალის პარტნიორ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარადგენს იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს – ოტორინო რესპიგის თხზულებას 4 ნაწილად „რომის პინიებს“. ასევე ყველასთვის ცნობილ და წარმატებულ საერთაშორისო კარიერის მქონე პიანისტ და კომპიზიტორ სანდრო ნებიერიძესთან ერთად შეასრულებს სერგეი რახმანინოვის ერთ-ერთ უდიდეს ნაწარმოებს მესამე საფორტეპიანო კონცერტს.
17 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართება. ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები და ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოსები: ლიზი რამიშვილი, მარიამ როინიშვილი და გიორგი ოიკაშვილი სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ბრაზილიელი კომპოზიტორის ნაწარმოებებს შეასრულებენ. სპეციალურად ამ საღამოსთვის, ფესტივალის დაკვეთით შეიქმნა მთელი რიგი ნაწარმოებების საავტორო არანჟირებები სიმებიანი ორკესტრისთვის, რომელიც გაამდიდრებს სიმებიანი ორკესტრისთვის არსებულ რეპერტუარს.
18 სექტემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩეხური ეროვნული მუსიკის საღამო შედგება. მასში ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ჩეხი მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას. „ჩეხური მუსიკის წლის“ აღნიშვნას „ღამის სერენადებიც“ შეუერთდება. სახელგანთქმული პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი შესანიშნავ ქართველ მევიოლინე გიორგი ხაინდრავასთან ერთად ბედრჟის სმეტანას, ანტონინ დვორჟაკისა და ლეო იანაჩეკის მუსიკას შეასრულებენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე მოწვეული სტუმრებიც.
20 სექტემბერს, ფესტივალის დასკვნით საღამოს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ბაროკოს მუსიკის ორი წამყვანი შემსრულებელი მევიოლინე ანდრეს გაბეტა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბლოკ-ფლეიტისტი მორის შტიგერი წარმოადგენენ სპეციალურად ფესტივალისთვის შედგენილ თემატურ პროგრამას „ვივალდი და მეგობრები“.