22 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
100 რაკეტა და 100 კამიკაძე დრონი - უკრაინა დღეს ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი იერიშის სამიზნეა

უკრაინის 15 ოლქზე, რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში გამთენიისას ათობით დრონით, ფრთოსანი და საკრუიზო რაკეტებით მიიტანეს. ომის დაწყებიდან ეს უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო. დანგრეულია ათობით სახლი და შენობა. არის მსხვერპლი, დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები. თავდასხმების გამო, დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კიევის მეტროს ადგილობრივები თავშესაფრად იყენებდნენ.

კიევის გარდა, მასშტაბური იერიშები იყო ხარკოვის, ლვოვის, ხერსონის, ოდესას, ზაპოროჟიეს, კრემეჩუკის მიმართულებებითაც. რუსული რაკეტების მთავარი სამიზნე ენერგო ობიექტები იყო, რის გამოც მოსახლეობის დიდ ნაწილს ამ დრომდე არ მიიწოდება ელექტროენერგია და წყალი.

დღესვე, ოკუპანტებმა კიევის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება სცადეს. თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. პრეზიდენტი ზელენსკი პარტნიორი სახელმწიფოებისგან მეტ იარაღს ითხოვს. კრემლის იერიშების პარალელურად, უკრაინა თავდასხმებს ახორციელებს რუსეთის ტერიტორიაზე.

რუსეთის ქალაქებზე - სარატოვსა და ენგელსზე თავდასხმა დრონებით მოხდა. შედეგად სარატოვში ყველაზე მაღალი 38 სართულიანი შენობა დაზიანდა.არიან დაშავებულები. მედიის ინფორმაციით, იერიში მოხდა ენგელსის აეროდრომზეც. უკრაინის სამხედრო ძალებმა კონტროლი კურსკის კიდევ 2 დასახლებაზე დაამყარეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება კურსკის რეგიონიდან ევაკუირებული მოსახლეობის კადრები, სადაც ჩანს რომ მათ ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად გრძელ რიგებში უწევთ დგომა.

რუსეთის იერიშების ფონზე, დღეს პოლონეთმა პოტენციური საფრთხის გამო, საკუთარი ავიაცია გააქტიურა. ქვეყნის არმიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატმა, სავარაუდოდ მათ საჰაერო სივრცეში შეაღწია. ობიექტის ნარჩენებს ქალაქ ტიშოვცეში ეძებენ.

დღის ამბები