22 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
ჩვენი მთავარი ოცნება - გაგვებედნიერებინა ასობით ათასი მელომანი და ჩვენი ქვეყანა გასართობი ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე მოგვენიშნა, ახდენილია - ამიკო ჯანელიძე 

2 წლის თავზე, როცა Starring Georgia-ს კამპანიის შედეგებს ვაჯამებთ, ვხვდებით, რომ ჩვენი მთავარი ოცნება - გაგვებედნიერებინა ასობით ათასი მელომანი და ჩვენი ქვეყანა გასართობი ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე მოგვენიშნა, ახდენილია - წერს სოციალურ ქსელში "ბლექ სი არენისა" და ფილარმონიის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე ამიკო ჯანელიძე.

ამიკო ჯანელიძე განვლილ ორ წელიწადს აჯამებს და ბიძინა ივანიშვილს, სახელმწიფოს პროექტის განსახორციელებლად მხარდაჭერისთვის მადლობას უცხადებს.

"2 წლის თავზე, როცა Starring Georgia-ს კამპანიის შედეგებს ვაჯამებთ, ვხვდებით, რომ ჩვენი მთავარი ოცნება - გაგვებედნიერებინა ასობით ათასი მელომანი და ჩვენი ქვეყანა გასართობი ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე მოგვენიშნა, ახდენილია.

ჩვენ ერთიანი ძალებით შევძელით, რომ Starring Georgia-ს ფარგლებში, ქვეყანაში შეგვექმნა უამრავი პრეცედენტი: გაგვეერთიანებინა 125 000 ქართველი და უცხოელი მელომანი, ქვეყანაში ჩამოგვეყვანა 19 ათასამდე ტურისტი, ბილეთების რეალიზაციიდან მიგვეღო 21 500 000 ლარი, უცხოელი მოგზაურებისგან კი დაახლოებით 60 მილიონი ლარი. ეს ის ციფრებია, რომელთა შექმნაზეც უამრავმა პროფესიონალმა ადამიანმა, ორი წლის მანძილზე, თავდაუზოგავად იშრომა და რომლითაც ჩვენ კიდევ დიდხანს ვიამაყებთ.

მადლობა ბიძინა ივანიშვილს - ადამიანს, რომელმაც ჯერ კიდევ 9 წლის წინ ჩაუყარა საფუძველი, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი გამხდარიყო ჩვენს ქვეყანაში. მადლობა მხარდაჭერისთვის სახელმწიფოს, რომელმაც ჩვენს გუნდს ბოლო 2 წელიწადში 37 200 000 ლარი ანდო. თანხის ერთი ნაწილი ტექნიკურ განახლებას, მეორე ნაწილი კი ჩვენს ქვეყანაში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით ორგანიზებული კონცერტების გამართვას მოხმარდა. მადლობა ქართული უმსხვილესი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელთა სუბსიდირებულმა თანხამ 4 მლნ 900 ათასი ლარი შეადგინა.

და ბოლოს განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ვისი ემოციებისა და ნდობის გარეშეც ეს ციფრები უბრალოდ კარგი სტატისტიკა იქნებოდა. მადლობა თითოეულ ქართველ თუ უცხოელ მელომანს, რომელმაც ეს ორი წელი ჩვენთან ერთად გაიზიარა. ჩვენსავით მოუთმენლად ელოდა არტისტების დაანონსებას, შემდეგ კი მათ კონცერტებზე მოდიოდა და ისეთ განწყობას ქმნიდა, რომელიც დღემდე გასაოცარია ყველა არტისტისთვის და საამაყო ჩვენთვის.

ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია თქვენს მიერ გამოხატული მადლიერებაა. სწორედ თქვენი ემოციები გვავსებს ახალი ენერგიებით - თქვენი ყველაზე დიდი მუსიკალური ოცნებაც კი რეალობად ვაქციოთ. ჩვენ თქვენს გარეშე ვერ დავწერდით ისტორიას, რომელსაც „საქართველო მთავარ როლში ჰქვია“.

ახლა კი ახალი ისტორიის დროა, დაგველოდეთ, ვმუშაობთ და ვემზადებით თანავარსკვლავედის სხვა დიდი ნახტომებისთვის,"-  წერს ამიკო ჯანელიძე.

დღის ამბები