გარყვნილი ქმედება სამი თვის ჩვილის მიმართ - საზარელი დანაშაულის მთავარ მოქმედ პირად ჩვილის დედა, ბავშვის მამას აცხადებს.
ცოლის ჩვენების საფუძველზე, 40 წლამდე მამაკაცი ახლა წინასწარ პატიმრობაშია. მას ბრალი 3 თვის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინეს. "კურიერს" შემზარავი ბრალდების დეტალები ბავშვის დედამ პირადად უამბო. რესპონდენტი ჰყვება, რომ ქმარს მცირეწლოვნების მიმართ არაჯანსაღ ინტერესს წარსულშიც ამჩნევდა.
დახურულ სასამართლო სხდომაზე, ცოლმა ქმრის წინააღმდეგ ჩვენება უკვე მისცა. განსასჯელის პირისპირ დაკითხვის დროს, ქალი რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა. რა მტკიცებულებები დევს საქმეში ბრალდებული მამაკაცის წინააღმდეგ - პროკურორი, მცირეწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს არ აკონკრეტებს.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა ქალისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. დაკავებული მამაკაცის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ცოლმა ქმარი ქონებრივი ინტერესის გამო დააჭერინა. ბრალდებულის ოჯახი, ცრუ დასმენის ფაქტზე თავად ქალის დაპატიმრებას ითხოვს.
ქალის ინტერესების დამცველი ქონებრივ დაინტერესებას გამორიცხავს. მისი თქმით, უტყუარად დასტურდება, რომ მამა საკუთარი ჩვილის მიმართ გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა.
გარყვნილი ქმედება თუ ცრუ დასმენა – ეს ახლა სასამართლომ უნდა დაადგინოს. მოსამართლე განაჩენს, სავარაუდოდ სექტემბერში გამოაცხადებს.