შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. ლაბორატორიული კვლევა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ჩაატარა. ხარისხის მონიტორინგს კი გარემოს ეროვნული სააგენტო და აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი ყოველთვიურად, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის უფროსი, ლევან გორგილაძე ამბობს, რომ ზღვას გააჩნია თვით გაწმენდის უნარი, რაც საბანაოდ სუფთა წყლის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია. ლაბორატორიული კვლევითი ცენტის ხელმძღვანელის თქმით, წლევანდელი კვლევების შეჯერებით, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ მთელი სეზონის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე ბანაობა უსაფრთხოა.
შავი ზღვის წყლის კვლევა ასევე მიმდინარეობს მისი ეკოლოგიური მდგომარეობის განსასაზღვრად, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ფლორისა და ფაუნის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებელზე, ზღვის გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის დასადგენად სინჯების კვლევა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ტარდება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით.
კვლევებმა აჩვენა, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, რაც არამხოლოდ ზაფხულის არამედ ადრეული შემოდგომის განმავლობაშიც უსაფრთხო დასვენების გარანტიას იძლევა.