საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას. ამჯერად, საარჩევნო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ბაზრობებსა და ბაზრებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, ცესკოს წარმომადგენლები მოქალაქეებს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან, ასევე იმართება საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაციაც, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ პრაქტიკაში გამოსცადონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.
აღნიშნულ შეხვედრებს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს მასშტაბით არსებული ბაზრობებისა და ბაზრების 31 ლოკაციაზე, 21-27 აგვისტოს პერიოდში განახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ცესკოს მიერ გამართული საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას პირადად გაეცნო და ნახა თუ როგორ მუშაობს საარჩევნო აპარატები. ინფორმირების მასშტაბური კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო.