თბილისი ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. ღონისძიება, "სპორტს ორიენტის" ორგანიზებით და "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მხარდაჭერით, 23-დან 28 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
16-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი 2016 წლიდან ტარდება. მეექვსე გათამაშებაში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. დინამო თბილისი, თბილისის ლოკომოტივი, იუვენტუსი, უოტფორდი, ვალენსია და გალათასარაი. გუნდები A და B ჯგუფში გადანაწილდებიან, პირველ ადგილოსნები ავტომატურად ნახევარფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებენ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი, ჯვარედინული პრინციპით, მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
წელს პირველად, ტურნირი სრულად ბუნებრივ საფარიან მოედნებზე გაიმართება. მატჩებს ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი და საგურამოში ლოკომოტივის საფეხბურთო ბაზა უმასპინძლებს. ფინალური შეხვედრა "დინამო არენაზე" ჩატარდება.