22 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
ბრონირებული შუშა და უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები - ოპოზიციის კრიტიკას დღეს მმართველ გუნდში უპასუხეს

21 აგვისტოს მცხეთაში წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა, სადაც უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის განსაკუთრებულ დაცვას წინაპირობა აქვს. 

სახელისუფლებო გუნდში დღეს ოპონენტების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას პოლიტიკური სპეკულაცია უწოდეს. საუბარია ე.წ. ბრონირებულ შუშაზე, რომელიც "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის გამოსვლის დროს მის დაცვას უზრუნველყოფდა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მსოფლიოში არსებული საფრთხეების ფონზე, გამკაცრებული ზომები აპრობირებული მეთოდია. პოლიტიკოსების თქმით, "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი იდეური მოკავშირეების სამიზნე პერსონალურად ივანიშვილია, რომლის ლიკვიდაციის დაგეგმვის საქმეს სუსი ახლაც იძიებს.

განმარტებების მიუხედავად, დაცვის გამკაცრებულ ნორმებს კვლავ მიუღებლად მიიჩნევს ოპოზიციის ნაწილი. "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის მთავარ პარტნიორ "სტრატეგია აღმაშენებელში", ბრალდებას ივანიშვილის მკვლელობის სურვილთან დაკავშირებით არარეალურს უწოდებენ. ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ოფიციალური თანამდებობა არ აქვს, შესაბამისად სპეციალური დაცვის ქვეშ ლოგიკურად მხოლოდ პრემიერ-მინისტრი უნდა ყოფილიყო.

დაცვის განსაკუთრებული ზომები გასაგებია "გირჩისთვის". თუმცა, პოლიტიკურ ცენტრში ფიქრობენ, რომ მმართველი პარტია ზედმეტ სიფრთხილეს სიმულაციური მიზეზების გამო იჩენს.

ბრონირებული შუშისა და განსაკუთრებული ზომების მიზეზებზე განმარტება მთავრობის მეთაურმაც გააკეთა. ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას სლოვაკეთის პრემიერ ფიცოზე და დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმები შეახსენა. თქვა, რომ ივანიშვილის პერსონა არაკეთილმოსურნე ძალების პირდაპირი სამიზნეა, რაც მისი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობას აჩენს.

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი წინასაარჩევნო კამპნაიის ფარგლებში ელექტორატის წინაშე გაძლიერებული დაცვით გამოვიდა. ე.წ. ბრონირებული შუშა დღეს თანამედროვე მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. სწორედ მსგავსი ეკიპირებით გამართა მომხრეებთან შეხვედრა გუშინ დონალდ ტრამპმაც, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ნასროლ ტყვიას გადაურჩა.

დღის ამბები