გამონაყარი, ცხელება, კუნთების ტკივილი, სისუსტე და ლიმფური კვანძების შეშუპება - ეს "მაიმუნის ყვავილის" ძირითადი სიმპტომებია, რაც გრიპის ნიშნებით იწყება და, შესაძლოა, 2-3 კვირა გაგრძელდეს. წელს გამოვლენილი შტამი წინაზე მეტად აგრესიულია და ლეტალური შედეგიც შედარებით ხშირად დგება. გავრცელება ფიზიკური კონტაქტით, სქესობრივი კავშირით და წვეთოვანი გზით ხდება. განსაკუთრებული რისკის ქვეშ ბავშვები და ორსულები არიან.
ამ ხალხს საკმარისი ინფორმაცია არც ინფექციის გავრცელების და არც მისი მკურნალობის შესახებ არ აქვს. უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობისთვის საჭირო პირობებიც არ არსებობს, რაც კონგოსა და აფრიკის სხვა ქვეყნებში ინფექციის სწრაფი გავრცელების მიზეზია. მხოლოდ კონგოში, ინფიცირების მაჩვენებელი 15 ათასს, დაღუპულთა რაოდენობა კი 500-ს აჭარბებს.
17 000 ინფიცირებული აფრიკის 13 ქვეყანაში და პირველი დადასტურებული შემთხვევა ევროპაში - ეს უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სრული სტატისტიკაა. სწორედ ეს ფაქტები, რომ "მაიმუნის ყვავილი" აფრიკის კონტინენტს გაცდა და თანაც ინფიცირების წლევანდელი მონაცემები შარშანდელს 160%-ით აჭარბებს, ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა. ჯანმო-მ Mpox-ი გასულ კვირას საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა. აქვე გაკეთდა განმარტება, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ეს ახალი "კოვიდი" არ არის.
გარკვეულ ზონებში, შესაძლოა, ზოგადი რეკომენდაციების დაცვა და იზოლირება საკმარისი აღმოჩნდეს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იქ, სადაც მწვავე სიტუაცია და აფეთქებაა, დროულად უნდა დაიწყოს ვაქცინაცია. სწორედ ჯანმო-სთან შეთანხმებით, ერთ-ერთმა დანიურმა კომპანიამ (Bavarian Nordic BAVA.CO ) უკვე დაიწყო ვაქცინის ახალ პარტიაზე მუშაობა და, წლის ბოლომდე, 2 მილიონი ერთეულის წარმოებას გეგმავს.
საერთაშორისო მიმოსვლის, განსაკუთრებით კი ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, მაიმუნის ყვავილის ინფექციის გავრცელების რისკი, ბუნებრივად, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც არსებობს, რასაც ინფექციონისტები ადასტურებენ. ამ ეტაპზე, ჩვენს ქვეყანაში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
"მაიმუნის ყვავილის" წინა ტალღის დროს, 2022 წელს, საქართველოში ერთადერთი შემთხვევა გამოვლინდა.