22 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
1-ლი ოქტომბრის გამარჯვებამ მოიტანა ერთადერთი, უპრეცედენტო, უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობიანი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამაც განაპირობა ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით - ირაკლი ღარიბაშვილი

1-ლი ოქტომბრის გამარჯვებამ მოიტანა ერთადერთი, უპრეცედენტო, უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობიანი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამაც განაპირობა ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, მცხეთაში მიმდინარე "ქართლი ოცნების" საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.

"ყველას კარგად გვახსოვს 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნები და ისტორიული გამარჯვება, რამაც რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვალა სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში.

გვახსოვს, როგორი გაუსაძლისი ვითარება იყო იმ დროინდელ საქართველოში, საშინელი ტერორი და შიში სუფევდა მთელს ქვეყანაში, ხდებოდა ხელისუფლების დაკვეთით შესრულებული მკვლელობები, ხალხის წამება და არაადამიანური მოპყრობა, ჩაგვრა, უსამართლობა, ბიზნესის რეკეტი, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ხდებოდა სხვა, უამრავი სისტემური დანაშაულები... ამ და სხვა უბედურებასთან და ბოროტებასთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" ანტიეროვნულმა ხელისუფლებამ, თავიდან ვერ კი არა - არ აირიდა ყველაზე დიდი უბედურება - ომი!

საქართველოში ჯერ დააბრუნეს რუსეთის ჯარი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დატოვა 2007 წელს, ჩააბარეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიები და მოახდენინეს მათი ოკუპაცია, დავკარგეთ დამატებით 100-ზე მეტი სოფელი, რომელიც აგვისტოს ომამდე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო, ფაქტიურად აჩუქეს, გადასცეს კოდორის ხეობა, მივიღეთ ათასობით დევნილი საკუთარ ქვეყანაში და დავკარგეთ ასეულობით ჩვენი გმირი სამხედროები, პოლიციელები, მოქალაქეები... და ყველას გვახსოვს, ომი დამთავრებული არ იყო, გმირების ცხედრები არ ყავდათ გამოყვანილი და დაკრძალული, რუსთაველის გამზირზე შეკრიბეს ჩვენი ხალხი და აზეიმეს ეს ყველაფერი, ხოლო შემდეგ ხელი მოაწერეს მოღალატეობრივ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუციას... და რამდენიმე თვეში ისევ რუსეთს გადასცეს საკუთარი ნებით უამრავი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები, ცალმხრივად გაუხსნეს უვიზო რეჟიმი და ცხოვრება გააგრძელეს ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა, მათ და მთელმა მსოფლიომ... მალევე, ომის დამთავრებისთანავე, ჯერ დევნა დაუწყეს ჯარისკაცებს, პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს, შემდეგ სასტიკად გააძლიერეს ჩვენი ხალხის ჩაგვრა და ტანჯვა. ქვეყანაში იყო სრული უიმედობა, უპერსპექტივობა და ნიჰილიზმი! ასევე, გვახსოვს, სააკაშვილს დაანონსებული ხედვა, რომ აშენებდა სინგაპურის მსგავს სისტემას, ოღონდ რა თქმა უნდა ეს ისეთივე სინგაპურის მოდელი იქნებოდა, როგორიც „დემოკრატიის შუქურაც“ იყო თავად... იმ დროინდელ საქართველოში არ არსებობდა არავითარი თავისუფლება, არავითარი დემოკრატია, არავითარი ევროპასთან ინტეგრაცია და ასეთი კაცი და მისი კრიმინალური ბანდა ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ 30 წელი აპირებდა, ანუ აპირებდა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ბოლომდე განადგურებას...

და სწორედ ასეთ დროს, როცა ხალხს სამუდამოდ გადაწურული ქონდა ყოველგვარი იმედი, გამოჩნდა კაცი, რომელმაც ხალხს დაუბრუნა ეს იმედი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჯერ დარაზმა, გააერთიანა მთელი საზოგადოება და 2012 წლის 1-ლი ოქტომბერს გაათავისუფლა ხალხი ამ ურჩხულისგან და ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა.

მას შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა თავისუფლება და დამყარდა მშვიდობა, თავისუფლება დაუბრუნდა ხალხს! 1-ლი ოქტომბრის გამარჯვებამ მოიტანა ერთადერთი, უპრეცედენტო, უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამაც განაპირობა ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით, ქვეყნის ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა ეროვნულ ვალუტაში, 27 მილიარდი ლარიდან 85 მილიარდ ლარამდე, განვითარება და წინსვლა გვაქვს ყველა სფეროში, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ენერგეტიკის, განათლების, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ძლიერდება დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერდებიან ძალოვანი უწყებები, რომლებიც იცავენ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, გვაქვს სერიოზული მიღწევები საგარეო პოლიტიკაშიც, ქვეყანა 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი, მივიღეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა, გაიხსნა სხვა დიდი ბაზრები, ჩინეთის 1,4 მილიარდიანი ბაზარი, რუსეთის ბაზარი, მოხდა დივერსიფიკაცია და ქვეყანა გახდა უფრო სტაბილური და სიტუაცია უფრო პროგნოზირებადი. თავისუფლების და მშვიდობის შედეგია, რომ ვითარდება დღეს ბიზნესი, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, ამასთანავე დაგეგმილია არაერთი მასშტაბური, საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების განხორციელება, და რაც მთავარია, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ყველაზე რთული კრიზისის დროს - რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე და ჯერ კიდევ მანამდეც, უამრავი დესტრუქციული და პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, რომელიც ხორციელდებოდა შიდა მტრების და გარე ძალების ერთიანი კოორდინირებული მოქმედებებით...

მადლობა ღმერთს, ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ მშვიდობა და თავიდან ავირიდეთ ომი, ქაოსი და უბედურება, განადგურებისგან ვიხსენით ჩვენი ხალხი და ქვეყანა.", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები