13 დღეა, პუტინის არმია კურსკის ოლქში ვითარებას ვეღარ აკონტროლებს. უკრაინულ არმიას 84 დასახლებული პუნქტი აქვს დაკავებული და ქალაქ კურსკის ასაღებად იერიშებს განაგრძობს.
ბოლო 24 საათის ყველაზე დიდი წარმატება უკრაინისთვის კურსკის ოლქის რამდენიმე დასახლების აღებაა. უკრაინულმა არმიამ რუსეთის ტერიტორიაზე კონტრშეტევის შემდეგ შეაღწია, დღეს კი, სამხედროებმა ეროვნული დროშა აპანასივკაში, სნაგოსტსა და ოტრუბაში აღმართეს.
თავდასხმიდან თავდაცვის რეჟიმში გადასული რუსეთის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა კურსკის ოლქში მესამე, სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი ააფეთქეს და რუსული ტექნიკა გაანადგურეს. ამ ნაბიჯით, რუს სამხედროებს მომარაგებისა და უკან დასახევი გზები გადაუკეტეს.
30-კილომეტრიანი ბუფერული ზონა რუსეთის ტერიტორიაზე, ოფიციალური კიევის მტკიცებით, უკვე მომზადებულია. სახმელეთო შეტაკებების პარალელურად, უკრაინა საჰაერო, მათ შორის დრონებით თავდასხმებსაც განაგრძობს. როსტოვის ოლქში, სამრეწველო საწყობების ტერიტორიაზე, დიზელის საწვავს ცეცხლი გაუჩნდა, დაშავდა 18 ადამიანი. რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
პარალელურად, პოზიციებს დონეცკის მიმართულებით იმაგრებს რუსეთი. საოკუპაციო ძალები ოლქში წინ მიიწევენ და, გზადაგზა, ტერიტორიებს ბომბავენ. აფეთქებები იყო ხერსონში, ხარკოვსა და სუმში. ზელენსკი პარტნიორებს დახმარებისთვის კიდევ ერთხელ მიმართავს.
უკრაინული მხარე ყოველდღიურ პატარ-პატარა გამარჯვებებს ზეიმობს. მათ კურსკის ოლქში უკვე 84 დასახლებული პუნქტი დაიკავეს.