22 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
რა თემები განიხილეს პუტინმა და ალიევმა - 6-წლიანი პაუზის შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი აზერბაიჯანში ჩავიდა

პუტინი-ალიევის შეხვედრამ აზერბაიჯანში, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის სამხედრო იერიშის ფონზე ჩაიარა. მნიშვნელოვანი კრიზისების ფონზე, აზერბაიჯანელ კოლეგასთან 2-დღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტმა სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება, რეგიონული საკითხები და გლობალური გამოწვევები განიხილა. პუტინი ბაქოში 6 წლის შემდეგ პირველად ჩავიდა.

რუსეთის პრეზიდენტს, ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში, აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია დახვდა. მოგვიანებით, საპრეზიდენტო რეზიდენციაში პუტინს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ, მეჰრიბან ალიევამ უმასპინძლეს. მხარეებს შორის არაფორმალური საუბარი შედგა.

ალიევმა, რუსეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, სახელმწიფო მიღებაც გამართა. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრები ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შედგა. ალიევმა პუტინის ბაქოში ჩასვლას ისტორიული უწოდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რამდენჯერმე ისაუბრა ბაქოსთვის რუსეთის, როგორც უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარტნიორის, როლზე. ითქვა, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი თანამედროვე ტანკერების წარმოებას დაიწყებენ, რაც ნავთობპროდუქტების მსოფლიო ბაზარს უფრო სწრაფად მოამარაგებს.

ვაჭრობასა და ენერგოსაკითხებზე ისაუბრა პუტინმაც. რუსეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანელი კოლეგა ბრიქსის სამიტის ფარგლებში შეხვედრაზეც მიიწვია. პუტინის ბაქოში ჩასვლამდე, რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა ბაქომ საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაცია "ბრიქსში" გაწევრიანების სურვილი გამოთქვა.

მხარეებს შორის საუბარი შედგა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზეც, რაშიც ალიევს პუტინმა შუამავლობა შესთავაზა. ერთობლივი განცხადების პარალელურად, პრეზიდენტებმა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებებიც გააფორმეს. პუტინმა, მედიასთან საუბრის დროს, მხოლოდ ერთხელ ახსენა უკრაინა და აღიარა, რომ რუსეთისთვის მთავარი კრიზისი სწორედ უკრაინას უკავშირდება.  

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში დემონსტრაციული ხასიათისაა. ექსპერტების აზრით, მას შემდეგ, რაც დასავლეთმა პუტინის იზოლირება მოახდინა, ის ცდილობს, თავისი ურთიერთობები მოკავშირეებთან გააძლიეროს და ახალი პარტნიორები მოძებნოს.

პუტინის 2-დღიანი ვიზიტი აზერბაიჯანში დღეს დასრულდება.

დღის ამბები