22 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაული, რომელმაც ქვეყანა ომამდე მიიყვანა - "ოცნების" შემდეგ, "ნაცმოძრაობის" გასამართლებას "ხალხის ძალა" ითხოვს

"ხალხის ძალა" "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას კიდევ ერთხელ აანონსებს. პოლიტიკურმა მოძრობამ 2008 წლის აგვისტოს ომსა და მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებზე ვრცელი წერილი დღეს გაავრცელა. მასში საუბარია, რუსულ აგრესიამდე, "ნაცმოძრაობის" მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც "ხალხის ძალის" მიერ პროვოკაციულად არის შეფასებული.

"ხალხის ძალის" გზავნილებს სპეკულაციურს უწოდებენ "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი და ყოფილი წევრები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საუბარი ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

2008 წელს, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ქმედებები, დღეს ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმაც შეაფასა. სწორედ წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის დროს მოუგო საქმე საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში. დღეს კულტურისა და სპორტის მინისტრი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რუსული აგრესიის თავიდან ვერარიდება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

რატომ აღადგინა ყოფილმა ხელისუფლებამ 1991 წელს გაუქმებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, შექმნა დროებითი ადმინისტრაციული ერთეული და ჩაატარა არჩევნები - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებამ საეჭვო ტაქტიკური გადაადგილებებით ქვეყანას ომი მოუტანა და ათიათასობით ადამიანს საკუთარი სახლი დაატოვებინა.

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალა", 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, 2008 წლის ომის გამოძიების მოთხოვნას დააყენებს. ინიციატივას, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მხარდაჭერაც ექნება.

დღის ამბები