22 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე წინსვლას განაგრძობს - უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი ააფეთქეს

უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე წინსვლას განაგრძობს და ყოველდღიურად პატარ-პატარა გამარჯვებებს ზეიმობს. გეგმა უცვლელია - დამარცხებული მტრის ხილვა და საკუთარი მიწების გათავისუფლება. ფრონტის ხაზი კვლავ კურსკის ოლქზე გადის. აქ უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი დაბომბეს.

უკრაინა ფრონტის ხაზზე დღის წესრიგის შექმნას ცდილობს, ოკუპანტი კი, ამ დროისთვის, საკუთარი მიწების შენარჩუნებას ვერ ახერხებს. კურსკის ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ბოლო 24 საათში, საკუთარი საცხოვრებელი 3000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რუსეთი ფრონტის ხაზზე, ძირითადად, ახალწვეულებს გზავნის.

სახმელეთო შეტაკების პარალელურად, უკრაინა საჰაერო იერიშებსაც აგრძელებს. ბოლო დღე-ღამეში უკრაინამ როსტოვის ოლქში ქარხანა "კავკაზის" ტერიტორია დაბომბა, სადაც ნავთობი და ნავთობპროდუქტები ინახებოდა. პარალელურად, უკრაინის ერთ-ერთ მთავარ მიზნად მტრის მიერ ტყვედ აყვანილი ჯარისკაცების დახსნა რჩება.

მძიმე ვითარებაა უკრაინის ტერიტორიაზეც - რუსეთი მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას აგრძელებს. ომში მყოფი ქვეყნის მიწაზე, ბოლო დღე-ღამეში რამდენიმე ჭურვი ჩამოვარდა.

უკრაინისთვის კიდევ ერთი თავსატეხი ბელარუსის პრეზიდენტის განცხადება გახდა. ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ უკრაინამ ორი ქვეყნის საზღვართან 120 ათასი ჯარისკაცი განალაგა, რის გამოც ბელარუსს ამ ტერიტორიაზე თავისი არმიის მესამედის გადასროლა მოუწია. ფაქტს უარყოფს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური. უწყების განცხადებით, ლუკაშენკო ისედაც მძიმე სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებას ცდილობს.

ბოლო 24 საათში, რუსეთ-უკრაინას შორის 139-ზე მეტი შეტაკება განხორციელდა. უკრაინა საკუთარი უპირატესობის გაძლიერებას, რუსეთი კი უკრაინელი სამხედროების შეჩერებას ცდილობს.

დღის ამბები